დღეს ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

დღეს ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
05 September 2017

დღეს ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში დღეს ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ისრაელის სახლიდან“ აცნობეს, ღონისძიებას დაესწრებიან ისრაელის პარლამენტის (ქნესეთის) ვიცე-სპიკერი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ხილიკ ბარი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ისრაელის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოში ისრაელის ელჩი შაბთაი ცური, საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსი.

ღონისძიებას „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე გაუძღვება. როგორც „ისრაელის სახლში“ აცხადებენ, ყოველწლიურად, 5 სექტემბერს ევროპის ქვეყნებში ებრაული კულტურის დღეები სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. საქართველოში ის წელს პირველად ტარდება.

„საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის მონაწილე ქვეყანა გახდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით კი, „ისრაელის სახლი“ საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს ხელმძღვანელობს. „ისრაელის სახლმა“ შესაბამისი მანდატი მ.წ. მარტში ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ ფორუმზე მიიღო“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, „ისრაელის სახლის“ თაოსნობით, დღევანდელ ღონისძიებაზე დაგეგმილია ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის პრეზენტაცია. „ისრაელის სახლი“ დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს, ასევე, ინიციატივას, რომელიც ისრაელში მოქმედი სარას ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ებრაული წიგნების მუდმივმოქმედი კუთხის გახსნას ითვალისწინებს.

„ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება თემატურად მრავალფეროვანი იქნება. სიტყვით გამომსვლელები ისაუბრებენ საზღვარგარეთ ისრაელის წარმოდგენასა (ჰასბარა) და ქვეყნებთან პირდაპირ კავშირებზე (ხილიკ ბარ), ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის მნიშვნელობაზე (თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ჩოგოვაძე, იციკ მოშე), ებრაული კულტურის ევროპულ დღეებზე ( ქრისტიან ურსი), ისრაელისთვის საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე (შაბთაი ცური), იერუსალიმში ისრაელის სახლის ფორუმის შეჯამებაზე (იციკ მოშე)“, - აცხადებენ „ისრაელის სახლში“.

www.interpressnews.ge