Most international travelers to Georgia are from neighboring countries, but most of the money is spent by tourists from the United Arab Emirates, Israel and Germany.
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების უმეტესობა მეზობელი ქვეყნებიდანაა, თუმცა ყველაზე მეტ თანხას ტურისტები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ისრაელიდან და გერმანიიდან ხარჯავენ.
წლის III კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული დანახარჯების ჯამურმა მაჩვენებელმა 3.1 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო ერთი ვიზიტისას გაწეულმა საშუალო დანახარჯმა 1,179 ლარი შეადგინა.
სტატისტიკის სამსახურის მიერ ფორბსისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, ყველაზე მაღალი საშუალო დანახარჯი შემდეგი ქვეყნის რეზიდენტებს ჰქონდათ:
- არაბთა გაერთიანებული საამიროები: საშუალო ხარჯი თითო ვიზიტზე - 2656 ლარი
- ისრაელი: 2613 ლარი
- გერმანია: 2391 ლარი
- ირანი: 2116 ლარი
- ყაზახეთი: 1965 ლარი
- რუსეთი: 1513 ლარი
- უკრაინა: 1411 ლარი
- თურქეთი: 654 ლარი
- სომხეთი: 565 ლარი
- აზერბაიჯანი: 430 ლარი
დანახარჯების ყველაზე დიდი წილი საკვებსა და სასმელზე (მთლიანი ხარჯების 30.1%) და განთავსების საშუალებებზე (25.8%) მოდის, ასევე მნიშვნელოვანი წილით იყო წარმოდგენილი რეკრეაციულ და კულტურულ აქტივობებზე დანახარჯები (18.8%), ხოლო შოპინგზე ვიზიტორებმა მთლიანი დანახარჯების მხოლოდ 11.2% გასწიეს.
თითო ტურისტის მიერ გაწეული საშუალო დანახარჯით, საქართველო ჩამოუვარდება მის მსგავს ეკონომიკებს, სადაც თითო ვიზიტზე ტურისტის მიერ დახარჯული თანხა საშუალოდ $500-800-ს შეადგენს. მსოფლიო ბანკის 2016 წლის მონაცემებით კი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თითო ტურისტის მიერ დახარჯული თანხის მოცულობა საშუალოდ შემდეგია:
- უნგრეთი - $1400
- აზერბაიჯანი - $1400
- თურქეთი - $900
- კვიპროსი - $900
- სომხეთი - $750
- ჩეხეთი - $750
- ლატვია - $700
- პოლონეთი - $650
- საბერძნეთი - $600
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი არ არის, ქვეყნის მშპ-ში მისი წილი 15%-ს აღემატება (2016 წელი). მონტენეგროში ეს მაჩვენებელი 21%-ს აღემატება, ხორვატიაში 19%-ს. მშპ-ში ტურიზმის წილით საქართველო უსწრებს მაგალითად საბერძნეთს, სადაც ეს მაჩვენებელი 8%-ზე დაბალია.
http://forbes.ge