საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით, თბილისს ისრაელიდან ეწვევა 100 იურისტი, რომლებიც მსხვილ ბიზნესკომპანიებს წარმოადგენენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესპალატის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის მიზანია საქართველოს ბიზნესკანონმდებლობის გაცნობა და საქართველოში ინვესტირების მსურველი ისრაელის კომპანიების მომზადება.
ისრაელელ იურისტებს, აგრეთვე, აინტერესებთ, როგორ მუშაობს საქართველოში ისრაელის ბიზნესი და ხვდებათ თუ არა მათ სირთულეები.
მათივე ინფორმაციით, სტუმრები 17 თებერვალს, 10:00 საათზე სასტუმროში Katash Kosher Hotel (ორთაჭალა, გულიას ქუჩა N1) ქართველ კოლეგებს და აკადემიური წრის წარმომადგენლებს შეხვდებიან. დაგეგმილია, აგრეთვე, ტური იუსტიციის სახლში, სადაც ბიზნესის რეგისტრაციის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და სხვა სამართლებრივ პროცედურებს გაეცნობიან.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, ისრაელის მსხვილი იურიდიული კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებში ახალი ასპექტია და მიზნად ისახავს, ისრაელის მსხვილმა კომპანიებმა საქართველოში იმუშაონ პირდაპირ, შუამავლების გარეშე. მათ შორის მონაწილეობა მიიღონ ტენდერებში. ამისთვის კი საჭიროა, საფუძვლიანად შეისწავლონ ქართული კანონმდებლობა. „ისრაელის კომპანიებს ექნებათ მეტი ინფორმაცია საქართველოს ბიზნესგარემოს შესახებ, რაც ხელს შეუწყობს პირდაპირი ინვესტიციების ზრდას“, - აცხადებს იციკ მოშე.
ვიზიტის მიმდინარეობისას ისრაელელ იურისტებს დაგეგმილი აქვთ სემინარების ჩატარება და საქართველოში ისრაელური ბიზნესის წარმატებული პროექტების გაცნობა.
www.interpressnews.ge