Itsik Moshe - Use our 25-year experience and plan for other types of connections. გამოიყენეთ ჩვენი 25-წლიანი გამოცდილება და დავგეგმოთ სხვა ფორმატის კავშირები - იციკ მოშე

Itsik Moshe - Use our 25-year experience and plan for other types of connections. გამოიყენეთ ჩვენი 25-წლიანი გამოცდილება და დავგეგმოთ სხვა ფორმატის კავშირები - იციკ მოშე
15 April 2015

An event dedicated to the memory of the victims of the Holocaust was held at the David Baazov Museum of Jewish History in Tbilisi, organized by the Israel-Georgia Chamber of Business, the Israeli House and the National Museum of Georgia.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის, ისრაელის სახლისა და ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, თბილისში, დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ხსოვნის საღამოს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი და ისრაელის სახლის დამფუძნებელი იციკ მოშე, საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, ისრაელის კონსული საქართველოში ადელ ჰინო, კულტურის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გია ალიბეგაშვილი, ებრაული დიასპორისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება გაიხსნა ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილი სიმღერით `ელი ელი~, ქრისტი ყიფშიძის შესრულებით, შემდეგ კი დამსწრე საზოგადოებას წარედგინა იერუსალიმის მემორიალური მუზეუმის მიერ, ისრაელის სახლთან და საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით გადაღებული დოკუმენტური ფილმი - „ქართველი შინდლერი“, რომლის დასასრულს საღამოს მონაწილეები ფილმის მთავარი გმირის - სერგი მეტრეველის ოჯახის წევრებს მიესალმნენ.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ისრაელის სახლი, სადაც წელიწადზე მეტია ქართველი შინდლერების მუდმივმოქმედი ექსპოზიცია გამოფენილი, ებრაულ მუზეუმს ქართველი შინდლერების კუთხეს გადასცემს.

`დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. გენოციდის მსხვერპლი 6 მილიონი ებრაელის, მათ შორის, 1,5 მილიონი ბავშვის ერთადერთი დანაშაული იყო ის, რომ დაიბადნენ ებრაელებად. ფილმს ქართველ შინდლერზე, რომელიც ჩვენ ახლა ვნახეთ, დღეს უკვე უჩვენებენ იერუსალიმში და ამერიკის დიდ ქალაქებში. ფილმის პოპულარიზაცია თავის თავზე აიღო ჩვენმა პარტნიორნმა, შშ-ში მოქმედმა უმსხვილესმა ლობისტურმა ორგანიზაციამ ჟ სტრეეტ -მა. ამით მსოფლიო ებრაელობა შეიტყობს იმ ქართველის შესახებ, რომელმაც ებრაელები მძიმე წლებში გადაარჩინა. ეს მსოფლიო ებრაელობისთვის გაგზავნილი ის მესიჯია, რომელიც ნებისმიერ ქვეყანას ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებში ხიდად გამოადგება~, _ განაცხადა იციკ მოშემ და ყურადღება ისრაელ-საქართველოს მომავალ ურთიერთობებზეც გაამახვილა.

~სამწუხაროდ, დღეს ისრაელმა და საქართველომ ერთმანეთი კარგად არ იციან, თუმცა ისრაელში უფრო მეტი მზაობაა ამ კავშირებისთვის, ვიდრე ამას საქართველო ითხოვს. ჩემი მესიჯი ასეთია: გამოიყენეთ ჩვენი 25-წლიანი გამოცდილება და დავგეგმოთ სხვა ფორმატის კავშირები, ისეთი ურთიერთობა, რომელიც პასუხობს თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნებს, პასუხობს თვისობრივად ახალი ტიპის გამოწვევებს. ერთ-ერთ ასეთ ფორმატად განვიხილავ ბიზნესურთიერთობებს, რომლის გააქტიურებისთვის საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა ყველაფერს აკეთებს. ხვალ თურქეთის საელჩოსთან თანამშრომლობით დაგეგმილი გვაქვს თურქ შინდლერებზე ფილმის პრეზენტაცია. ყველამ იცის ისრაელ-თურქეთის ურთიერთობების შესახებ, მაგრამ თურქეთის სახელმწიფომ გაიაზრა იმ დამსახურების მნიშვნელობა, რომელიც თურქ დიპლომატებს ჰოლოკოსტის წლებში ებრაელთა გადარჩენაში მიუძღვით. მოხდა ამ დოკუმენტური მასალის ეკრანიზაცია ერთ-ერთ საერთაშორისო ენაზე, რაც ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის მისამართით სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზავნილია. მინდა, ეს სამაგალითო იყოს~ _ განაცხადა იციკ მოშემ და დასძინა, რომ თურქულის მსგავსად, ქართველი შინდლერების ღვაწლის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაცია, რომელიც ამჟამად საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატამ და ისრაელის სახლმა იკისრეს, მხოლოდ საქართველოს ინტერესებშია და ეს ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობასთან საქართველოს წარმოჩენა-დაახლოების ყველაზე საუკეთესო საშუალებაა.

განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის თქმით, მძიმე იყო ქართველ შინდლერზე ფილმის ნახვა, თუმცა მას ხშირად უნდა ვუყუროთ, რომ ეს ტრაგედია არ დავივიწყოთ. `მომავალი თაობაც უნდა აღიზარდოს ისე, რომ არ იყოს ჩათრეული მსგავს იდეოლოგიაში, რისი რისკიც თანამედროვე მსოფლიოშიც არსებობს~, _ განაცხადა განათლების მინისტრმა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით კი, ამ დღეს, ერთი მხრივ, პატივს მიაგებენ ჰოლოკოსტის მსხვერპლთ, ხოლო მეორე მხრივ, ეს დღე სიმბოლოა ძლიერი ურთიერთობების. თბილისის მერია და პირადად ის ყოველთვის გვერდში უდგას ებრაელ ხალხს.

იციკ მოშემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერას, რომელსაც დავით ნარმანიასგან იღებს ებრაული ბიზნესი თბილისში.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, რომელმაც ქართულ–ებრაული ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე ისაუბრა და ჰოლოკოსტის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს და მთლიანად ებრაელ ერს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

`დღევანდელი დღე კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ სიძულვილის ენა და კაცთმოძულეობა ყველაზე დიდი ბოროტებისა და უარყოფითი შედეგის მომტანია.

დღესაც მომსწრე ვართ, თუ როგორი სისასტიკით მიმდინარეობს ბრძოლა რელიგიებს შორის სირიაში. საშინელი კადრების მომსწრენი ვართ.

ადამიანის მთავარი მოვალეობა ურთიერთსიყვარული და ურთიერთპატივისცემაა. ამის დასტური და სანიმუშო მაგალითი ქართველი და ებრაელი ერების ურთიერთობაა.

არასოდეს ამ ორ ერს შორის არ ყოფილა სიძულვილისა და დაპირისპირების ენა. მადლობა ამისთვის უფალსაც და ადამიანსაც”,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

ხსოვნის საღამოს დასასრულს ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენმა და ხელოვანმა, მეირ შავითმა ქართველი შინდლერის სერგი მეტრეველის ოჯახს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

MEDIANEWS