According to Itsik Moshe, if Israel allocates a quota of 500 people to Georgia, it will be a serious financial source for Georgian families, and Georgia will receive 500 highly qualified builders in the near future.
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მოწვევით, თბილისში ვიზიტით მყოფმა ისრაელის დელეგაციამ დღეს პირველი შეხვედრა ისრაელის სახლში გამართა.
სტუმრებს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა, ისრაელის სახლის დამფუძნებელმა იციკ მოშემ ისრაელის სახლის საქმიანობა გააცნო და დელეგაციის წევრ ოფიციალურ პირებს მიმართა ინიციატივით, რომ ქართულ მხარესთან შეთანხმებით, ქართველ მშენებლებს გამოეყოთ სპეციალური კვოტა, რათა გარკვეული დროის განმავლობაში ისრაელში მოხდეს მათი ოფიციალურად დასაქმება, ვინაიდან, როგორც იციკ მოშემ აღნიშნა, ამჟამად სხვადასხვა შუამავლის წყალობით, ქართველ მშენებლებს ისრაელში სამუშაოდ წასვლა, თანაც არალეგალურად, სოლიდური თანხა უჯდებათ.
იციკ მოშეს თქმით, თუ ისრაელი საქართველოს გამოუყოფს 500-კაციან კვოტას, ეს ქართული ოჯახებისთვის სერიოზული ფინანსური წყარო იქნება, ხოლო საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებს 500 მაღალკვალიფიციურ მშენებელს.
ისრაელის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ქნესეთის კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან, დავიდ ბიტანმა განაცხადა, რომ ისრაელში დაბრუნებისთანავე წინადადებით მიმართავს მთავრობას, რომ განიხილოს ქართველი მშენებლებისთვის კვოტის გამოყოფის საკითხი.
დავიდ ბიტანმა ისაუბრა, აგრეთვე, საქართველო-ისრაელის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების ტენდენციაზე და აღნიშნა, რომ თუ წლების წინ საქართველოს ისრაელიდან ძირითადად პოლიტიკოსები სტუმრობდნენ, ახლა ეს ურთიერთობები იმდენად ფართოა, რომ საქართველოს თითქმის ყოველთვიურად სტუმრობენ ბიზნესის, მაღალი ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების წარმომადგენლები. იზრდება ტურისტთა რაოდენობაც. და ეს, უპირველეს ყოვლისა, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის, მისი ხელმძღვანელის დამსახურებაა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მშენებელთა კვოტების გამოყოფის საკითხის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს ისრაელის პროფკავშირიც, რომლის წარმომადგენელმაც დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ პროფკავშირი თანახმაა დადებითი რეკომენდაცია გაუწიოს ქართულ მხარეს.
დღესვე ისრაელის წარმომადგენლობითი დელეგაცია თბილისის ცენტრში ებრაული ინვესტიციით მშენებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „რიქსოსს“ ეწვია, შემდეგ კი ეროვნული მუზეუმში დაცული საგანძური დაათვალიერა.
ხვალ დელეგაცია მთავრობის ადმინისტრაციაში ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს შეხვდება.
ისრაელის დელეგაცია თბილისს წუხელ ეწვია. მის შემადგენლობაში არიან ისრაელის ქნესეთის წევრები, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიის, “ლიკუდის” ხელმძღვანელი პირები, ქნესეთის თავმჯდომარის კანცელარიის ხელმძღვანელი, ისრაელის სხვადასხვა ქალაქის მერიის წარმომადგენლები, ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები.
დელეგაცია საქართველოს 2 აპრილს დატოვებს.
MEDIANEWS