So you want to boycott Israel? Here’s a list of products and services you need to start with…
ჩვენი საიტისა და ფეისბუქ გვერდის მკითხველთა თხოვნით გთავაზობთ საერთაშორისო მასშტაბით დაწყებული ანტისემიტური კამპანიის საპასუხო, მნიშვნელოვანი და საინტერესო ინგლისურენოვანი სტატიის ქართულ თარგმანს. ჩვენი მიზნია ქართულ მხარეს მივაწოდოთ ინფორმაცია მეგობარი ქვეყნის მიღწევებისა და მნიშვნელობის შესახებ.
ინფორმაციის ძირითადი ნაწილი აღებულია საიტიდან http://htl.li/NUedo
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით სტატიის ავტორს - მაიკლ ოლდმანს!
მაშ ასე, გსურთ ბოიკოტი გამოუცხადოთ ისრაელს?
ესე იგი, თქვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა ბოიკოტი გამოუცხადოს მთელს პროდუქციას და მომსახურებას ისრაელიდან. აქ მოყვანილია ის მოქმედებები, რომლებიც უნდა შეასრულოთ ბოიკოტის განსახორციელებლად.
ნაწილი 1 - ტექნოლოგია და კვების პროდუქტები
ნაბიჯი 1.
პირველი, ამოიღეთ Intel Pentium-ის და Celeron-ის პერსონალური კომპიუტერებიდან (კომპიუტერები, ლეპტოპები და ნოუთბუქები) პროცესორის ყველა მიკროსქემა, რადგან ისინი შემუშავებულია, ან დამზადებულია ისრაელში.
გაითვალისწინეთ, რომ რევოლუციურად ახალი, Ivy Bridge პროცესორი წარმოებული იქნება ისრაელში. ნებისმიერი კომპიუტერი Windows XT ოპერაციული სისტემით მაშინვე უნდა იქნას გამორთული, რადგანაც ის შემუშავებულია ისრაელში. არ ისარგებლოთ Microsoft-ის არც ერთი ამჟამად მოქმედი ოპერაციული სისტემით, რადგანაც Microsoft-ი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ისრაელის კვლევებისა და განვითარების ცენტრზე.
ნაბიჯი 2.
ნებისმიერი მომუშავე კომპიუტერიდან უნდა წაიშალოს ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა და პერსონალური დაცვის სისტემები, რადგან აღნიშნული ტექნოლოგია დაინერგა ისრაელში. საჭიროა ასევე ორგანიზაციის დაცვის სისტემის გამორთვა. თანამშრომლებმა აღარ უნდა გახსნან გარედან შემოსული წერილები, რადგან მათი უმრავლესობა ინფიცირებული იქნება ვირუსებით. წერილები აღარ გაიგზავნება. ალგორითმი (კოდი), რომელიც ამჟამად ელ.ფოსტის გასაგზავნად გამოიყენება, 1980 წელს ბეერ-შევაში, ბენ-გურიონის უნივერსიტეტში, ისრაელის მოქალაქის მიერ შემუშავდა.
ნაბიჯი 3.
უარი თქვით მობილურ ტელეფონებზე, რადგან ეს ტექნოლოგია შემუშავდა ისრაელში, სადაც პირველი მობილური ტელეფონები იყო წარმოებული. ისრაელის ერთი კომპანიის მიერ შემუშავებული მობილურის მიკროსქემის ტექნოლოგია ამჟამად დამონტაჟებულია 100 მილიონზე მეტ მოწყობილობაზე. მხოლოდ უმაღლესი რგოლის თანამშრომლებს შეუძლიათ დაიტოვონ მობილური ტელეფონები საგანგებო შემთხვევებისთვის. თუმცა, SMS-ის (მოკლეტექსტური შეტყობინების) გამოყენება აკრძალულია, რადგან ის ისრაელში გამოიგონეს. არ შეიძლება 4G მოწყობილობის გამოყენება, რადგან მიკროსქემების ნაკრები შეიქმნა ისრაელში.
ნაბიჯი 4.
გამორთეთ ხმოვანი ფოსტის მომსახურება და ნებისმიერი ჩაწერილი შეტყობინება. ხმოვანი ფოსტის სისტემა ისრაელის კომპანიებმა გამოიგონეს. თუ თქვენს სატელეფონო ზარს თქვენთვის უცნობი პირი პასუხობს, გათიშეთ. ისრაელის ქოლ- ცენტრები და ქოლ-ცენტრის ტექნოლოგია ფართოდ არის გავრცელებული დიდ ბრიტანეთში.
ნაბიჯი 5.
ნებისმიერი სახის ნაბეჭდი მასალის დადასტურებამდე შეამოწმეთ, ხომ არ გამოიყენა მიმწოდებელმა ისრაელის წარმოების მოწყობილობა, რომელიც მიზანიც მელნის 50%-ზე მეტი დაზოგვაა.
ნაბიჯი 6.
არ გამოიყენოთ სახლში Facebook-ი, რადგან მისი მრავალი დამატებითი აპლიკაცია შემუშავებულია ისრაელში. არ უყუროთ ვიდეოს ინტერნეტში, რადგან ატვირთვისთვის გამოყენებული პლატფორმა შეიძლება იყოს AOL და, შესაბამისად, ეკუთვნოდეს ისრაელის კომპანიას. არ გამოიყენოთ ინტერნეტი თქვენს კითხვებზე პასუხების გასაცემად, რადგან ეს შეიძლება მოიცავდეს ისრაელში შემუშავებულ საძიებო სისტემას. უმჯობესია დარჩეთ ყველნირი ინფორმაციის გარეშე.
ნაბიჯი 7.
არ გამოიყენოთ ფილმების საყურებლად ვიდეოს/ფილმების/მუსიკის შერჩევის პროგრამა (VOD – Video on Demand) თქვენს ტელევიზორში ან სახლის კონოთეატრში, რადგან შეიძლება უნებლიედ იხილოთ რეკლამა ისრაელის პროგრამული უზრუნველყოფით. არ შეიძინოთ არანაირი სათამაშო მოწყობილობა, რადგან სავარაუდოდ მათში გამოყენებული იქნება ისრაელის ტექნოლოგიები.
ნაბიჯი 8.
არ წაიკითხოთ ელექტრონული წიგნები (e-book), რადგან მისი ტექნოლოგია შეიძლება ისრაელის წარმოების იყოს. არ ისარგებლოთ მონაცემთა შენახვის სერვისით, რადგან ის შეიძლება ისრაელის კვლევებისა და განვითარების ცენტრის მონაცემთა შენახვის ტექნოლოგიით შემუშავდა.
ნაბიჯი 9.
ნუ იყიდით ელექტრო მანქანას, რომელიც სავარაუდოდ, მუშაობს ისრაელის წარმოების ელემენტით ან გამოიყენებს ისრაელში დამზადებული კვების წყაროს. განაგრძეთ ტრანსპორტით მოძრაობა, დააბინძურეთ გარემო და დააფინანსეთ ნავთობით მდიდარი ტოტალიტარული რეჟიმები.
მივუბრუნდეთ საკვებს და სასმელს, დაწესებულების საზოგადოებრივი კვების ყველა ობიექტმა უარი უნდა თქვას „ჩერის“ ჯიშის პომიდორზე, რომელიც ისრაელში გამოიყვანეს. პერსონალმა უნდა უზრუნველყოს, რომ დაწესებულებაში არ შეიტანონ „ჩერის“ ჯიშის პომიდვრით დამზადებული სენდვიჩები. აკრძალვა ასევე ეხება თაფლს და თაფლით დამზადებულ ნებისმიერ პროდუქციას. ისრაელმა შეიმუშავა მთელს მსოფლიოში არსებული პრობლემის, ფუტკრის კოლონიების გადაშენების გადაჭრის გზა, ასე რომ ფუტკრის მიერ წარმოებული ნებისმიერი პროდუქციასთან წვდომა ახლა მხოლოდ ისრაელის გამოგონების წყალობით არის შესაძლებელი.
ერიდეთ მსოფლიოში აღიარებულ, უამრავი ჯილდოს მქონე, ისრაელში წარმოებულ ღვინოს. არ დამზადოთ სასმელები ისრაელში წარმოებული წვენსაწურებით.
მოერიდეთ ნებისმიერ ხილს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან და პერუდან, რადგან ამ ქვეყნების პროდუქცია ბაზარზე ისრაელის კომპანიების სავაჭრო სახელწოდებებით გადის.
არ მიირთვათ სოფლის-მეურნეობის პროდუქცია შემდეგი ქვეყნებიდან, რადგან ისინი იყენებენ სარწყავ და სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებს ისრაელიდან. ამ ქვეყნების რიგშია: აფრიკა, ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია, ნეპალი და მრავალი სხვა.
ბრიტანეთში შემოტანილი ხილის და ბოსტნეულის დიდი ნაწილი (მათ შორის ორგანული) უკვე გაუმჯობესებულია ისრაელის ტექნოლოგიის გამოყენებით. ამას შეუძლია მილიონობით ადამიანის გადარჩენა შიმშილობისგან მთელს მსოფლიოში, მაგრამ ეს არ არის კარგი მიზეზი იმისათვის, რომ მიიღოთ ისინი. თავი რომ დაიზღვიოთ, მიიღეთ მხოლოდ ის ხილი და ბოსტნეული, რომელიც თვითონ მოიყვანეთ თაობების განმავლობაში თქვენს ოჯახში მოყვანილ მცენარეთა თესლის გამოყენებით.
ნაწილი 2 - ჯანმრთელობა
შეწყვიტეთ ყველა სამკურნალო პრეპარატის გამოყენება. კომპანია „Teva Pharmaceuticals“, ჯენერიკული სამკურნალო პრეპარატების უდიდესი კომპანია მსოფლიოში, თქვენს მრავალ მედიკამენტს აწარმოებს. შემდეგი დაავადებების მქონე პაციენტებმა კონკრეტული სიფრთხილის ზომები უნდა მიიღონ:
კიბო - არ ჩაიტაროთ მკურნალობა იმ მედიკამენტებით, რომლებზეც ისრაელის მეცნიერ-ონკოლოგები უკვე ათწლეულების განმავლობაში მუშაობენ.
აივ ინფექცია - სიფრთხილე გმართებთ, ამ დაავდებას მკურნალობენ ისრაელის ვაიცმანის ინსტიტუტის და ებრაული უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ შემუშავებული და გაუმჯობესებული AZT და ჰოპერიცინზე დამზადებული პრეპარატებით; მათ ასევე დანერგეს მკურნალობის მეთოდი, რომელიც ანადგურებს აივ-ინფიცირებულ უჯრედებს, ჯანსაღი უჯრედების დაზიანების გარეშე.
დიაბეტი - არ გაიზომოთ და არ მიიღოთ ინსულინი ისრაელის მეცნიერების მიერ შემუშავებული მოწყობილობების გამოყენებით.
გაფანტული სკლეროზი - შეწყვიტეთ Copaxone-ის, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, ინტერფერონის შემცველობის არ მქონე ერთადერთი მედიკამენტის მიღება, რომელიც შემუშავდა Teva-ს მიერ. ასევე არ მიიღოთ Laquinimod-ი.
პარკინსონის დაავადება - ამოიღეთ ხმარებიდან თავის ტვინის მასტიმულირებელი, რომელიც აჩერებს ტრემორს. შეწყვიტეთ Levodopa-ს მიღება, რომელიც ამცირებს დარღვევებს. შეწყვიტეთ სეანსები, რომლებიც მოიცავს თავის ტვინის ქერქის მაგნიტურ სტიმულირებას.
თანამშრომლებმა, რომელთა ოჯახის ისტორიაში ადგილი აქვს გულის დაავადებებს და ათეროსკლეროზს, არ უნდა გამოიყენონ ისრაელში დამზადებული მოწყობილობები დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად. მოგიწევთ, დაელოდოთ ამ დაავადების დაწყებას.
ეპილეფსიით დაავადებული პაციენტებო - შეწყვიტეთ მკურნალობა, რომელიც შესაძლოა შემუშავებულია ისრაელში გაკეთებული აღმოჩენის საფუძველზე მუტანტი გენის შესახებ; გადააგდეთ თერაპიული სამაჯური The bracelet, რომელიც აგზავნის სიგნალს შეტევის დაწყებისას.
პერსონალმა ან ნათესავებმა, ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციით, უნდა მოიშორონ ისრაელში წარმოებული, დაავადების შემაკავებელი იმპლანტები.
ღვიძლის დაავადება - უარი ითქვას ისრაელში შემუშავებული ანტისხეულების იმუნოთერაპიულ მკურნალობაზე.
ემფიზემა - ერიდეთ ისრაელში დანერგილ, ცილის ჩამანაცვლებელ თერაპიას.
მიელომა - შეწყვიტეთ პრეპარატის Velcade-ს მიღება, რომელიც 30-ზე მეტი წლის წინ შეიქმნა მეცნიერების მიერ ჰაიფაში.
აპნოე (ძილის დროს სუნთქვის შეჩერება) - არ ისარგებლოთ ტესტირებით, რომელიც ტარდება ისრაელში დანერგილი მოწინავე მოწყობილობის გამოყენებით.
დისლექსიის მქონე პირებმა არ უნდა ისარგებლონ ისრაელში დანერგილი, ინტერნეტზე დაფუძნებული წამკითხველი სისტემით.
კანის ალერგიების მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ სტეროიდული კრემებით, რადგან ახალი, უსაფრთხო არასტეროიდული ალტერნატივა წარმოებულია ისრაელში.
ინსულტის ან თავის ტრავმის ან ალცჰეიმერის, პარკინსონის, გაფანტული სკლეროზის, ეპილეფსიის, გლაუკომის ან ტვინის სიმსივნის ნებისმიერი შემთხვევის მკურნალობის დროს არ უნდა გამოვიყენოთ ვაიცმანის ინსტიტუტის მიერ დაპატენტებული მკურნალობის მეთოდები.
ნებისმიერ ოპერაციის ჩატარების წინ ან სამედიცინო ტესტის დაწყებამდე შეამოწმეთ, რომ საავადმყოფოს კათეტერები არ იყოს დაცული ისრაელში დამზადებული ახალი პლასტიკატით, რომელიც უვნებელყოფს მიკროორგანიზმებს. მოერიდეთ ოპერაციას ყელზე, რადგან შეიძლება გამოიყენონ ისრაელში წარმოებული ქირურგიული ლაზერები.
მიაქციეთ ყურადღება, რომ კოლონოსკოპიის ჩატარებისას და კუჭის გამოკვლევის დროს არ გამოიყენონ ისრაელის წარმოების შიდა კამერები, როგორიცაა Pillcam. არ ჩაიტაროთ ხელოვნური გულის გადანერგვის ოპერაცია, რადგან ხელოვნური გულის გადანერგვა პირველად ისრაელში განხორციელდა.
პაციენტებმა, რომელთაც ესაჭიროებათ თირკმლის გადანერგვა, უნდა დაელოდონ დონორებს იმავე ჯგუფის სისხლით, რადგან მხოლოდ ისრაელის რევოლუციურად ახალი მეთოდები იძლევიან სხვა სისხლის ჯგუფების დონორების გამოყენების საშუალებას. არაბული წარმოშობის პერსონალმა არ უნდა გამოიყენოს ძვლის ტვინის პოტენციურ არაბ დონორთა ერთადერთი მონაცემთა ბაზა, რომელიც მხოლოდ ისრაელშია.
ზურგის დაზიანების ან დაავადების შემთხვევაში, არ ჩაიდგათ ზურგის იმპლანტები - რომელიც სავარაუდოდ დამზადდა ან შემუშავდა ისრაელში. გულის რითმთან დაკავშირებული პრობლემები არ უნდა გადაწყდეს ისრაელის მიერ შემუშავებული გულის პულსის გენერატორით. არ შეეხოთ გულის არც ერთ სტენტს, ვინაიდან ისინი წარმოებულია ისრაელის სამედიცინო კომპანიების მიერ.
შეამოწმეთ ყველა ვაქცინა, რადგანაც მრავალი მათგანი შემუშავდა ისრაელში. დარწმუნდით, რომ რენტგენის ყველა აპარატი რადიაციულად საშიშია, რადგან რადიაციულად უსაფრთხო ერთადერთი სისტემა წარმოებულია ისრაელში. ღეროვანი უჯრედების კვლევაზე დაფუძნებული მკურნალობა თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგანაც ის უმეტესად განვითარებულია ისრაელში.
თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს ბაქტერიული ინფექცია შეეყარა, არ მიიღოთ ძველი, ბაქტერიებისადმი რეზისტენტული ანტიბიოტიკების ეფექტური ალტერნატივები, რადგან თანამედროვე, ეფექტური პრეპარატები ისრაელში დაინერგა.
შეამოწმეთ, ნებისმიერ ტკივილგამაყუჩებელში არ შედიოდეს სოიო, რადგან სოიოს დადებითი ეფექტი ებრაელმა ექიმებმა აღმოაჩინეს.
არ გამოიყენოთ ისრაელში შემუშავებული, რევოლუციურად ახალი გადასახვევი მასალა, რომელმაც არიზონის შტატის სენატორი გაბრიელა გრიფორდსი გადაარჩინა, როცა მას თავში ესროლეს. თუ ძვლის მოტეხილობა მიიღეთ, უარი თქვით ნებისმიერ მკურნალობაზე, რომელიც მოიცავს კოლაგენის შეყვანას, რადგან შეიძლება ის დამზადებული იყოს ისრაელში მოყვანილი მცენარეებისგან.
არ დაიცვათ ჩვილები და ახალშობილები „ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომისგან“ ისრაელში არსებული Babysense სისტემით.
არ გამოიყენოთ ეპილატორი - თმის მოსაშორებელი ეს მოწყობილობა ორმა ებრაელმა გამოიგონა.
და ბოლოს, უარი თქვით ყველა ძირითად სტომატოლოგიურ პროცედურაზე, რადგან თქვენი კბილები შეიძლება ისრაელში დამზადებული სტომატოლოგიური სკანერით გამოიკვლიონ.
ნაწილი 3 - ადამიანებთან ურთიერთობა
როდესაც პერსპექტიულ ახალ თანამშრომელთან გასაუბრებას ატარებთ, მართავთ შეხვედრებს საზოგადოების წევრებთან ან სხვა კომპანიების წარმომადგენლებთან, ძალიან მნიშვნელოვანია, შეამოწმოთ, არიან თუ არა ისინი შემდეგი ქვეყნებიდან, ან ხომ არ უკავშირდება მათი წარმოშობა შემდეგ ქვეყნებს და რეგიონებს. თქვენ არ უნდა გქონდეთ არანაირი კონტაქტი იმ ქვეყნების მოქალაქეებთან, რომლებიც სარგებლებლობენ ისრაელის დახმარებით. ორგანიზაცია უნდა ერიდოს ისრაელის წვლილის შეტანის აღიარებას მსოფლიო კეთილდღეობაში, უნდა მიიღოთ ფორმალური განაცხადი ამ ქვეყნების ხელისუფლებისგან, რომ ისრაელს არ შეუტანია წვლილი მათ ქვეყანაში ნებისმიერი საქონლის და მომსახურების განვითარებაში, რომელიც მიეწოდება თქვენს ორგანიზაციას.
ამ ქვეყნებში შედის:
იაპონია (ისრაელი აწვდის სამაშველო ჯგუფებს გეიგერის მრიცხველებს, ისრაელის წარმოების თერმული ვიზუალიზაციის კამერები მონიტორინგს უწევს ბირთვული რეაქტორის აქტიურ ზონას - მარტი 2011).
განა (2006 წლიდან იღებს ტექნოლოგიურ დახმარებას ისრაელიდან; რომელიც ხელს უწყობს მრავალი ჩვილის გადარჩენას იმ 4,800 ჩვილთაგან, რომლებიც ყოველწლიურად იღუპება - 2011 წლის მარტი).
ახალი ზელანდია (2011 წელს ქალაქ ქრისტჩერჩში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ისრაელმა გააგზავნა რამდენიმე სამაშველო ჯგუფი, დროებითი თავშესაფრები და წყლის გამწმენდი სისტემები).
ჩილე, გადარჩენილი მაღაროელების სამკურნალო ტური ისრაელში, როგორც მათი "სამადლობელი მომლოცველობის" ნაწილი (2011 წლის თებერვალი)
ვიეტნამი, რომლის რძის მრეწველობა მთლიანად გარდაიქმნა ისრაელიდან შემოყვანილი მაღალსარგებლიანი პირუტყვის გამოყენებით (2011 წლის თებერვალი).
უგანდა (მიეწოდა ისრაელის წარმოების მზის ენერგიაზე მომუშავე მაცივრები, ვაქცინების შესანახად, რომელიც გამოიყენებოდა პოლიომიელიტის ეპიდემიის აღმოსაფხვრელად ქვეყანაში, 2011 წლის იანვარში) ;
კენია (ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ააშენა ულტრათანამედროვე სასწრაფო დახმარების პუნქტი საავადმყოფოში, რომელიც 6 მილიონ კენიელს ემსახურება, 2011 წლის იანვარი).
მალდივის კუნძულები (მიუხედავად იმისა, რომ აქ აკრძალულია არაისლამური რელიგიები, ისრაელის თვალის ექიმებმა უფასო ოპერაციები ჩაუტარეს მოქალაქეებს, 2010 წლის იანვარი).
ფილიპინები (ხელმოწერილია უმსხვილესი სავაჭრო ხელშეკრულება ისრაელთან, 2010 წლის იანვარი).
რუმინეთი (ექიმები ისრაელიდან მკურნალობდნენ ჩვილებს გაჩენილი ხანძრის შემდეგ ნეონატალურ ერთეულში - 2010 წლის სექტემბერი)
კამერუნი (ოფთალმოლოგებმა ხაიფადან აღუდგინეს მხედველობა პაციენტებს და შეასწავლეს აღნიშნული პროცედურები ადგილობრივ სამედიცინო გუნდს - 2010).
კონგო (ისრაელი იყო პირველი, ვინც გააგზავნა სპეციალისტები დამწვრობის დარგში ნავთობის ტანკერზე მომხდარი კატასტროფის დროს 2010 წლის ივლისში)
ანგოლა (განაღმვის ისრაელის ტექნოლოგია - 2010 წლის ივლისი)
მისისიპი (ბიო-აღდგენითი ტექნოლოგია, გამოიყენება ნავთობის დაღვრის შემდგომ გაწმენდისთვის, შეიქმნა ისრაელში)
ჩინეთი (ისრაელის ტექნოლოგიების ძირითადი შესმყიდველი და სამედიცინო დახმარებისა და ტრენინგების მიმღები).
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (საგანგებოდ მომზადებული ებრაელი ექიმები ატარებენ ცირკუმციზიას შიდსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად - 2010 წლის ივლისი)
ჰაიტი (ისრაელმა გახსნა უდიდესი საავადმყოფო 2010 წლის მიწისძვრის, ქარიშხლის და ქოლერის ეპიდემიის მსხვერპლთა სამკურნალოდ და ერთ წელიწადზე მეტხანს უზრუნველყო სასიცოცხლო დახმარება)
შრი-ლანკა (ისრაელმა მასიურად მიაწოდა კვების პროდუქტები, ჩაიყვანა 50 სამედიცინო მუშაკი და სამაშველო ჯგუფები 2004 წელს ცუნამის მოქმედებიდან 48 საათის შემდეგ)
ინდოეთი (ისრაელმა გააგზავნა სრულად აღჭურვილი ღია საავადმყოფო 2001 წლის თებერვლის გუჯარათის მიწისძვრის შემდეგ)
ელ სალვადორი (ისრაელის ჰუმანიტარული დახმარება 2001 წლის მიწისძვრის შემდეგ)
საქართველო (ისრაელმა უკანასკნელი 25 წლის მანძილზე საკმაოდ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია მიწისძვრებისა და სხვა სტიქიური უბედურებების დროს, მიაწოდა ფერმერებს საკვები და თესლი მძიმე გვალვის შემდეგ, 2001 წელს. ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ისრაელის მხარემ, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის, სოხნუთისა და ისრაელის საელჩოს დახმარებით, უზრუნველყო დაჭრილი ჯარისკაცების მკურნალობა ისრაელში)
თურქეთი (დახმარება 2000 წლის მიწისძვრის შემდეგ)
მოზამბიკი (ისრაელი დაეხმარა ქვეყანას 2000 წელს მომხდარი წყალდიდობის შემდეგ)
კოლუმბია (ისრაელმა გააგზავნა სამედიცინო დახმარება და საკვები 1999 წლის მიწისძვრის შემდეგ)
ვენესუელა (პრეზიდენტ ჩავესს დაავიწყდა ისრაელის დახმარება 1999 წელს მომხდარი წყალდიდობის დროს)
ცენტრალური ამერიკა (ისრაელმა გააგზავნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და აღჭურვილობა ქარიშხალ „მიჩის“ გამანადგურებელი მოქმედების შემდგომ, 1998 წელი)
პაკისტანი (2005) და პერუ (2007), ორივე ქვეყანამ მიიღო დახმარება ისრაელის არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ.
პერუში მოქმედი ჰიდროელექტროსადგურები ასევე აშენებულია და ოპერირებს ისრაელის კომპანიის მიერ.
რუანდამ, მექსიკამ, ჩადმა, სუდანმა (დარფურმა) და მალავიმ მიიღეს ჰუმანიტარული დახმარება ისრაელისგან, მათ შორის სამედიცინო დახმარება ისრაელის არასამთავრობო ორგანიზაციისგან IsraAID.
უნდა გვახსოვდეს, რომ ბოიკოტი ვრცელდება ნებისმიერ ფიზიკურ პირზე ზემოთ ჩამოთვლილი რეგიონებიდან, რომელთაც მიიღეს დახმარება ისრაელისგან ამჟამინდელი ისრაელის სახელმწიფოს არსებობის 63 წლის მანძილზე.
ნაწილი 4 - სხვა სახის ზემოქმედება
უარი თქვით მთელს პროდუქციაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აშშ-ს ტიპიურ შტატში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ისრაელის ინოვაციების შედეგად 2009 წელს სახელმწიფოს ეკონომიკის სექტორმა $2.4 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი შემოსავალი მიიღო, შეიქმნა თითქმის 6000 სამუშაო ადგილი.
არ ასწავლოთ თქვენს შვილებს მათემატიკის სწავლებით თანამედროვე მეთოდებით, რომელიც შეიძლება ისრაელში შემუშავდა. გარდა ამისა, თუ ეს ტექნიკა გამოიყენება თქვენი შვილების სკოლებში, დაუყოვნებლივ გამოიყვანეთ ისინი ასეთი სკოლიდან.
დაინტერესებულმა ორნიტოლოგებმა უარი უნდა თქვან თავიანთ ჰობიზე, რადგან ფრინველთა მრავალი იშვიათი სახეობა ბუდობს ან ჩერდება ისრაელში ყოველწლიური მიგრაციის დროს.
არ უყუროთ სატელევიზიო სერიალს NCIS, რადგან ერთ-ერთი მსახიობი ქალი ებრაელია.
არ იაროთ ფეხბურთის მატჩებზე, რომელშიც ისრაელის მოთამაშეთა გუნდი მონაწილეობს.
გაანადგურეთ მადონას, ბობ დილანის, საიმონ და გარფუნკელის, დიფ ფარფლის, ბონ ჯოვის, ჯასტინ ბიბერის, ჯორჯ ბენსონის, მობის და მრავალი სხვა მომღერლის ყველა ჩანაწერი, რომლებიც დასცინოდნენ ალოგიკურ ბოიკოტს და ამაყად ატარებდნენ (ან მალე ჩაატარებენ) კონცერტს ისრაელში.
გაანადგურეთ U2-ს, ლედი გაგას, ბიონსეს, ბრიუს სპრინგსტინის, ბექის, რიანას, ქოლდფლეის ჩანაწერები, რომლებიც ჩაიწერა გრემის ჯილდოს მფლობელი ისრაელის კომპანიის Wave Audio ხმის ჩამწერი ტექნოლოგიით, ასევე უნდა მოისპოს „შრეკის“, „სილამაზე ამერიკულად“ და „ვარსკლავური ომების“ ჩანაწერები. არ ენდოთ Sony, JVC, Toshiba და Dell-ის არც ერთ ჩანაწერს.
არ წახვიდეთ „შავი გედის“ სანახავად ნატალი პორტმანის მონაწილეობით, არ უყუროთ ძველ ფილმებს, რომლებშიც ელიზაბეტ ტეილორი მონაწილეობს - მათი ისრაელის სახელმწიფოსადმი სიყვარულის გამო .
არ გაჩერდეთ სასტუმროებში, არ ეწვიოთ სავაჭრო ცენტრებს, რომლებსაც ისრაელის კომპანიები ფლობენ (უკაცრავად, თქვენ თვითონ მოგიწევთ გაიგოთ, თუ რომელია ასეთი).
არ იქონიოთ საქმე ბანკებთან, რომლებიც იყენებენ ისრაელის პროგრამულ უზრუნველყოფას თაღლითობის საწინააღმდეგოდ.
არ გამოიყენოთ ნებისმიერი საკრედიტო ან სადებეტო ბარათი, რადგან საკრედიტო ბარათებში გამოყენებული უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემა სავარაუდოდ ისრაელის უნდა იყოს.
არ იყიდოთ ნიშნობის ბეჭედი, თუ სავარაუდოდ ბრილიანტი დამუშავებულია ისრაელში.
არ ისარგებლოთ ავიახაზებით, რადგან თქვენი თვითმფრინავის ბუქსირისთვის შესაძლოა გამოიყენონ "Taxibot" - ისრაელში გამოშვებული სატრანსპორტო საშუალება.
არ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამსტერდამში, მოსკოვში ან ჩრდილოეთ ჩინეთში, რადგან მათში გამოყენებულია ისრაელში დამზადებული სატრანსპორტო მოწყობილობები.
იმ შემთხვევაში თუ გაითიშება ელექტრობა ან ინტერნეტ-ქსელი, იყავით მადლიერი, რომ არ გაქვთ დაყენებული ისრაელში შემუშავებული სისტემა, რომელიც ხელს უშლის დენის გათიშვას.
და ბოლოს, სახლიდან გასვლისას მოშვებული დატოვეთ ყველა ონკანი, არასდროს ჩარეცხოთ ტუალეტი, რადგან ისრაელი უზრუნველყოფს ნახევარ პლანეტას წყლის დამზოგავი ტექნოლოგიით. იგი ასევე უზრუნველყოფს მთელს მსოფლიოს, მათ შორის დიდ ბრიტანეთს, ჩამდინარე წყლების დამუშავების ტექნოლოგიით. ახლა ხომ ნათელია, რომ სტატიაში ჩამოთვლილი ყველა ზომის განხორციელება უეჭველად ნიშნავს იმას, რომ თქვენი ორგანიზაცია და თქვენი თანამშრომლები ვეღარ შეძლებენ ფუნქციონირებას. ამიტომ მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ თქვენი ორგანიზაციის ეს გადაწყვეტილება, გამოუცხადოთ ბოიკოტი ისრაელის პროდუქციას, ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება.