A book presentation was held at the Israeli House, which was published in Israel and is about Georgia's tourism potential. ისრაელის სახლში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ისრაელში გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

A book presentation was held at the Israeli House, which was published in Israel and is about Georgia's tourism potential. ისრაელის სახლში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ისრაელში გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
28 May 2016

The event was attended by Israeli Knesset Vice Speaker Hilik Bar and book author Coral Kratenstein.

თბილისში, „ისრაელის სახლში“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ისრაელში გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი და წიგნის ავტორი კორალ კრატენშტეინი ესწრებოდნენ.

კორალ კრატენშტენი ისრაელელი სტუდენტია, რომლის ავტორობითა და საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის სპონსორობით საქართველოს ტურიზმის შესახებ ისრაელში უკვე მეორე წიგნი გამოიცა.

წიგნის პირველ გვერდებზე განთავსებულია პროექტის მხარდამჭერის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და სპონსორის - საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტისა და ისრაელის სახლის დამფუძნებლის მიმართვა და მილოცვები.

წიგნში საუბარია ტურიზმის ახალ მიმართულებაზე - „ვიზიტი საქართველოში კვირის ბოლოს“, სადაც ავტორი აღწერს, რისი დათვალიერება შეიძლება მოასწრონ საქართველოში მხოლოდ 2-3 დღით ჩამოსულმა ტურისტებმა.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს განცხადებით, წიგნის გამოშვება ისრაელის პრესტიჟულ გამომცემლობაში ისრაელელი ავტორის (არა ქართველი ებრაელის) მიერ, იმის ხაზგასმაა, რომ არა მხოლოდ იზრდება ტურისტული ნაკადი ისრაელიდან, არამედ კავშირები ქვეყნებს შორის გადადის მთავრობებსა და საზოგადოებებს შორის კავშირების დონეზე - ანუ მივიწევთ მიზნისკენ, რომელსაც ისრაელის სახლის საქმიანობა ემსახურება.

პრეზენტაციაზე იციკ მოშემ ისაუბრა საქართველოდან ისრაელში და პირიქით, ტურისტული ნაკადის გაზრდისათვის აუცილებელ ნაბიჯებზე, მათ შორის საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის გადაწყვეტილებაზე, მიმართოს შუამდგომლობით ისრაელის ტურიზმის სამინისტროს ისეთი მექანიზმის შესამუშავებლად, რომელიც გაუადვილებს ქართულ ტუროპერატორებს ისრაელის მიმართულებით მუშაობას და, მეორე მხრივ, შეიქმნას გარანტია, რომელიც გამორიცხავს ტურისტთა ისრაელში არალეგალურად დარჩენას.

,,საქართველოს მთავრობამ მიმართოს ისრაელის მთავრობას, რათა ეს საკითხი გადაწყდეს; ვიზიტორთა ნაწილი, რომელიც ისრაელში მიდის ტურისტად, წავიდეს ტურისტად, ვინც მიდის სამუშაოდ, წავიდეს სამუშაოდ. ჩვენთვის ცნობილია, რომ ტურისტების ნაწილს ისრაელის აეროპორტიდან უკან, საქართველოში აბრუნებენ. ჩვენ, ისრაელის სახლმა მივმართეთ ისრაელის ტურიზმის მინისტრს, რომ ქართულ კომპანიებთან ერთად შევიმუშოთ მექანიზმი, რომელიც ხელ შეუწყობს ქართველი ტურისტების ისრაელში შესვლას’’, - განაცხადა იციკ მოშემ.

ქნესეთის ვიცე-სპიკერმა ხილიკ ბარმა კი აღნიშნა, რომ ტურისტებთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება შესაძლებელია.

,,უკან დაბრუნებული მოქალაქეების 10 %-იც რომ იყოს, ეს პრობლემაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მთავრობებმა ერთმანეთში იმუშავონ. ვთხოვთ ისრაელის სახლსაც, რომ ამ საკითხში ჩაერთოს. მიგვაჩნია, რომ ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელია. როდესაც დარეგულირდება სამუშაო ვიზების საკითხი, მივაღწევთ იმას, რომ ტურისტები ჩავიდნენ ისრაელში, როგორც ტურისტები’’, - აღნიშნა ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერმა ხილიკ ბარმა.

პრეზენტაციაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემაც.

,,ინფორმაციას ვფლობთ, რომ ბევრი არის გამობრუნებული პროცენტული მაჩვენებლით. ეს საკითხი უფრო საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი გამობრუნებული ტურისტი შესაძლოა, ცუდად აისახოს საქართველოს იმიჯზე’’, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

პრეზენტაციაზე საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა, ისრაელის სახლის დამფუძნებელმა იციკ მოშემ ისაუბრა, აგრეთვე, მის ინიციატივაზე, რომელიც ისრაელში 500 ქართველი მშენებელის ოფიციალურად დასაქმებას შეეხება. იციკ მოშეს თქმით, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატისა და ისრაელის სახლის ძალისხმევით, ამ ინიციატივას ისრაელის მთავრობაში აქვს სრული მხარდაჭერა და მისი განხორციელება ნიშნავს როგორც შემოსავალს ქართული ოჯახებისთვის, ისე ისრაელში ლეგალურად შესვლა-დასაქმების ხელშეწყობას.

ნინო ექვთიმიშვილი

MEDIANEWS