At the lecture, the head of the House of Israel noted that the events around Judea and Samaria allow us to draw some conclusions. It is important for everyone to know, that a Jew has all legal grounds for life on his land and that the state must ensure his safety.
„ისრაელის სახლში“ ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე: ჰასბარას როლი საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში. ლექციას „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე უძღვებოდა.
როგორც იციკ მოშემ აღნიშნა, საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში მნიშვნელოვანია ტერმინების სწორად გამოყენება, რადგან ზოგიერთი მათგანი არასწორ ფორმატში აქცევს და შინაარსს უცვლის ორი მეგობარი ქვეყნის კავშირებს.
„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება გაამახვილა ქართულ მედიაში დამკვიდრებულ ტრადიციაზე, რომლის თანახმადაც, ისრაელის დედაქალაქად მოიხსენიება არა იერუსალიმი, არამედ თელ ავივი. ეს შეცდომა კი, საზოგადოების, მათ შორის, ებრაული თემის მხრიდან რეაგირების გარეშე რჩება. „მეგობარ ქვეყანაში ასეთი ხედვის არსებობა უკვე პრობლემაზე მიანიშნებს, რომელსაც აღმოფხვრა სჭირდება“, - განაცხადა იციკ მოშემ.
საუბარი შეეხო, აგრეთვე, ისრაელში რეპატრირებულ ქართველ ებრაელთა ქართულ დიასპორად მოხსენიებასაც, რაც, იციკ მოშეს თქმით, სერიოზული შეცდომაა. ეს ერთი მხრივ, საქართველოს უქმნის ყალბ განცდას, დიასპორად მიიჩნიოს წარსულში საქართველოსთან დაკავშირებული ებრაელობა და მეორე მხრივ, რეპატრირებულ ებრაელობას ბარიერებს უქმნის ისრაელის საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრირებაში.
როგორც იციკ მოშემ აღნიშნა, ისრაელში დაბრუნების შემდეგ მიუღებელია ისეთი ტერმინების არსებობა, როგორიცაა „ქართველი ებრაელი“, „იემენელი ებრაელი“, „რუსი ებრაელი“ და ა.შ., რადგან ნებისმიერი ასეთი „ეთნოკულტურული“ ჯგუფის მთავარი მიზანი უნდა იყოს სრული ისრაელიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საფრთხეს უქმნის ისრაელის საზოგადოების ერთიანობას. არის კიდევ ერთი საფრთხე, როდესაც ქართველ ებრაელთა ფსევდო ლიდერები შუამავალი რგოლის როლს ასრულებენ ისრაელსა და საქართველოს შორის, რაც კიდევ უფრო სერიოზულ ბარიერებს ქმნის ქვეყნებს შორის პირდაპირ კავშირებში. საქმე ისაა, რომ ისრაელის საზოგადოებაში ნაკლებად ინტეგრირებული ეს ჯგუფი და მათი ლიდერები სანაცვლოდ ცდილობენ, თვითრეალიზაციისთვის ასპარეზი საქართველოში ეძებონ და შემდეგ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, გავლენა იქონიონ ორივე ქვეყნის მთავრობებზე. სწორედ ასე იწყება ქვეყნებს შორის ურთიერთობების დეზორიენტაცია, რამაც მოიტანა ის, რომ დღეს ისრაელსა და საქართველოს შორის საურთიერთობო ენა ერთმანეთისთვის აბსოლუტურად გაუგებარია და დარჩენილია „26-საუკუნოვანი მეგობრობის“ ამარა. შესაბამისად, დაბალია ინსტიტუციური თანამშრომლობის დონეც.
„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა ისრაელში საქართველოს მოქალაქეების შესვლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე აღნიშნა, რომ დაუშვებელია ქართული საზოგადოებისთვის ორი ისრაელის, ორი განსხვავებული ებრაელის დახატვა, როგორც ამას ქართველი ებრაელობის ზოგიერთი წარმომადგენელი აკეთებს, თითქოს ისრაელში არსებობს საქართველოსადმი კეთილგანწყობილი ქართველი ებრაელობა და „გულცივი“ ისრაელელები, რომლებიც საზღვარზე უდიერად ექცევიან საქართველოს მოქალაქეებს.
იციკ მოშეს თქმით, მას სჯერა, რომ ისრაელ-საქართველოს ურთიერთობებში დიდი პოტენციალია და ახლა, „90-ე წუთზე“ შანსია, ვითარება სასიკეთოდ შეიცვალოს და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მხარეები ერთმანეთს უკეთ, შუამავლების გარეშე გაიცნობენ და დაელაპარაკებიან. „ყველა სფეროში ისრაელის გამოცდილების გაზიარება საქართველოს რეგიონის ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად აქცევს“, - განაცხადა იციკ მოშემ.
ლექციაზე გაიმართა ისრაელის ისტორიულ ტერიტორიების - იუდეასა და სამარიაში ბოლო 42 წლის წინათ ებრაელთა შესვლის აქციების ამსახველი დოკუმენტური კადრების ჩვენება. ფილმი ისრაელელმა რეჟისორმა გადაიღო და ეძღვნება იუდეისა და სამარიის დაბრუნებისთვის ებრაელ პატრიოტთა თავგანწირულ ქმედებებს. მასში ასახულია, აგრეთვე, უფროსი თაობის, ლევინგერის, ფორათის, კაცობერის და იმდროინდელი პოლიტიკური ლიდერების (მენახემ ბეგინი, არიელ შარონი...) გვერდიგვერდ სკოლის მოსწავლეების აქცია, რომელიც ორგანიზებული იყო სკოლის მოსწავლის, 15 წლის იციკ მოშეს მიერ.
როგორც ლექციაზე „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, იუდეასა და სამარიასთან დაკავშირებული მოვლენები იძლევა რამდენიმე დასკვნის საშუალებას. კერძოდ, როგორ უნდა ზრუნავდნენ მცირერიცხოვანი ერების წარმომადგენლები საკუთარ ქვეყანაზე; რომ ისრაელი ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ელიტა ცხოვრობს ქვეყნის ყველაზე ცხელ წერტილში; მნიშვნელოვანია, ისრაელს გარეთ ყველამ იცოდეს, რომ ებრაელს აქვს ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი, იცხოვროს თავის მიწაზე და სახელმწიფომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სტუდენტები, აკადემიური წრისა და ებრაული საზოგადოების ლიდერები.
დამსწრე საზოგადოების თქმით, კარგი იქნება, თუ მსგავსი ლექციები კვლავ ჩატარდება.
http://ghn.ge/com/news/view/177794