Itsik Moshe, founder of the Israeli House, says it is important for the world to know the truth about Israel's peace policy and its reality.
ბოლო დღეებში ღაზას სექტორიდან ისრაელზე განხორციელებული სამხედრო იერიშების ფონზე, კიდევ უფრო გააქტიურდა ანტიისრაელური საინფორმაციო კამპანია, თითქოსდა ისრაელი უხეში ძალის გამოყენებით ებრძვის პალესტინის „მშვიდობიან“ მოსახლეობას, და რომ ისრაელში არაბები იტანჯებიან და მძვინვარებს აპარტეიდი. სინამდვილეში, ვითარება რადიკალურად განსხვავებულია და ისრაელს თითქმის ყოველდღიურად რაკეტების სახით უბრუნდება ის ჰუმანიტარული თუ ეკონომიკური მხარდაჭერა, რომელსაც მისგან პალესტინა, კერძოდ კი ღაზას სექტორი აგერ უკვე ათწლეულებია იღებს.
ისრაელის პარლამენტის (ქნესეთის) სამშვიდობო კომისიის მიწვეული წევრი, „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი იციკ მოშე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მსოფლიომ იცოდეს სიმართლე ისრაელის სამშვიდობო პოლიტიკისა და იმ რეალობის შესახებ, რომელშიც ისრაელსა და რეგიონს ღაზას სექტორში ბაზირებული ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ამყოფებს.
იციკ მოშეს თქმით, არაბები არსად თავს ისე უკეთესად არ გრძნობენ, როგორც ისრაელში. ქვეყანაში ცხოვრობს 1,5 მლნ არაბი, რომელიც ყოველწლიურად ისრაელის ბიუჯეტიდან იღებს 5-დან 8 მილიარდამდე დოლარის სოციალურ დახმარებას. ეს თითქმის 2-ჯერ მეტი თანხაა, ვიდრე საქართველოს მთლიანი ბიუჯეტი. ისრაელელ არაბებს, როგორც სხვა თანამოქალაქეებს, აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ქვეყნის პარლამენტში ჰყავთ წარმომადგენლები. ამასთან, ისრაელელი არაბების უმრავლესობა უარს ამბობს გადასახადების გადახდაზე, ნაწილი კი მხარს უჭერს „ჰამასს“. საშუალო არაბული ოჯახი ხარჯავს უფრო მეტს ელექტროენერგიაზე, წყალზე, კვებაზე, ჩაცმულობაზე და სიგარეტზე, ვიდრე ისრაელელი. ისრაელი არის, აგრეთვე, ყველაზე მიმზიდველი ადგილი რეგიონის არაბი ლტოლვილებისთვის. ისინი უარს ამბობენ სხვა არაბულ ქვეყნებში თავშესაფარზე და სურთ ისრაელში შემოსვლა. ისრაელი კი ერთადერთი ადგილია, საიდანაც არაბები არ გარბიან.
ისრაელის სამშვიდობო პოლიტიკის ნაწილია ღაზას სექტორის დახმარება. იმის მიუხედავად, რომ ამ არაბული ანკლავიდან ისრაელი ყოველდღე იბომბება, ღაზას ელექტროენერგიას, წყალსა და მედიკამენტებს აწვდის ისრაელი. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ღაზას სექტორიდან არაბებმა ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას დაუშინეს 10 000-ზე მეტი რაკეტა, გადაწვეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ისრაელი თავს იკავებს საპასუხო იერიშისგან იმის გამო, რომ არაბი ბავშვები არ დაზარალდნენ.
იციკ მოშე აღნიშნავს, რომ ღაზას სექტორის მოსახლეობა მძიმე პრობლემებშია ჩაფლული და ეს ისევ და ისევ იქაური მმართველი ტერორისტული დაჯგუფების წყალობით. ამ პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიან გარემოში, ისრაელის დახმარებით. ისრაელი იყო და რჩება ერთადერთ ადგილად, სადაც თვით ღაზას სექტორის არაბები იღებდნენ ღირსეულ სამუშაოს, სამედიცინო მომსახურებას და სხვ. მასობრივი ტერორის დაწყებამდე კი, ისრაელში ღაზას სექტორიდან 200,000-ზე მეტი არაბი იყო დასაქმებული.
„ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ღაზას სექტორში ვითარება მოგვარდება იმ შემთხვევაში, თუ არ ეყოლებათ ტერორისტული მთავრობა, თავიანთი პრობლემების მიზეზებს მოძებნიან თავიანთ თავში და ხელს არ გაიშვერენ ისრაელისკენ; მსოფლიოდან და ისრაელიდან მიღებულ დახმარებასა და მხარდაჭერას გამოიყენებენ განვითარებისკენ.
ღაზას სექტორიდან ტერორზე ისრაელის რეაქციასთან დაკავშირებით, იციკ მოშე აცხადებს, რომ ერთმანეთს ნამდვილად ხელს არ უშლის ტერორზე მკაცრი პასუხი და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, ჰასბარას კამპანია. ეს ისრაელს წარმოაჩენს, როგორც, ერთი მხრივ, სათანადო სიმაღლეზე მყოფ სახელმწიფოს, და მეორე მხრივ, ხაზს უსვამს მის კანონიერ უფლებას საკუთარ მიწაზე.
ვის უჭერს მხარს მსოფლიო, მშვიდობიან მოსახლეობას თუ ტერორს? - კითხულობს „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი და იხსენებს მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას 6 მილიონი ებრაელის მკვლელობას. „მოკლეს 6 მილიონი მეცნიერი, მსოფლიოს მოუსპეს ნაღები საზოგადოება, დიდი კულტურული მემკვიდრეობით. სამაგიეროდ მიიღეს 20 მილიონი მუსლიმანი. არ ვარ მუსლიმების წინააღმდეგი, მაგრამ სასურველი იყო ევროპას და აშშ-ს მათ ბედზე მათივე ქვეყნებში, არაბულ სამყაროში ეზრუნათ. ახლაც იმავე შეცდომას იმეორებენ, როდესაც გარკვეული ძალები მხარს არ უჭერენ ისრაელს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ გზით მათ თავიანთ ქვეყნებში შესაძლოა „ჰამასიც“ კი მიიღონ“, - აცხადებს იციკ მოშე.