Hilik Bar: We are talking to those who say that - it is with you and not instead of you. ხილიკ ბარ: ჩვენ ვესაუბრებით მათ, ვინც ამბობს თქვენთან ერთად და არა თქვენს ნაცვლად

Hilik Bar: We are talking to those who say that - it is with you and not instead of you. ხილიკ ბარ: ჩვენ ვესაუბრებით მათ, ვინც ამბობს თქვენთან ერთად და არა თქვენს ნაცვლად
28 December 2016

The first forum of international support for Israel - "Hasbara" was held on December 25 in Tbilisi with the participation of the "House of Israel" and with the participation of the official Israeli delegation.

25 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო ბილტმორის საკონფერენციო დარბაზში, “ისრაელის სახლის” ორგანიზებითა და ისრაელის ოფიციალური დელეგაციის მონაწილეობით, გაიმართა ისრაელისადმი საერთაშორისო მხარდაჭერის - ჰასბარას პირველი ფორუმი.

ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ ქნესეთის ვიცე-სპიკერები ხილიკ ბარ და ტალი პლოსკოვ, ქნესეთის მმართველი კოალიციის ხელმძღვანელი დავიდ ბიტან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ციპი ხოტოველი, ისრაელის წამყვანი ტელეკომპანიების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, აგრეთვე, ევროპაში ისრაელის მხარდამჭერი ორგანიზაციების ლიდერები, ქართველი პოლიტოლოგები, ექსპერტები და სტუდენტები, „ბასტი ბუბუს“ ანსამბლის შესრულებით ცნობილი სიმღერით „ოქროს იერუსალიმით“ გაიხსნა.

ფორუმს „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, იციკ მოშე უძღვებოდა. მისი თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე, ისრაელისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ასპარეზზე დიპლომატიური მხარდაჭერა და ჰასბარა - ისრაელის სწორად წარმოდგენა ქვეყნის გარეთ, მისი ოფიციალური პოლიტიკის განმარტება და მეგობარ ქვეყნებთან კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება.

ღონისძიებაზე ისრაელის სამშვიდობო და სამეზობლო პოლიტიკის შესახებ მოხსენებით გამოვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ციპი ხოტოველი და ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი.

ციპი ხოტოველმა ყურადღება გაამახვილა იმ რთულ გარემოზე, რომელშიც ჩამოყალიბდა და განვითარდა ისრაელის ახალი სახელმწიფო.

„ისრაელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა, მაგრამ მერვე ადგილს იკავებს ყველაზე გავლენიან სახელმწიფოებს შორის. მან განვითარების საკუთარი, გამაოგნებელი გზა აირჩია. ამის პირველი დამადასტურებელი ფაქტი იყო, ისრაელის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება შუა ომში, რომ მაშინ როდესაც ყველა სხვა ქვეყანა ომის დასრულების მერე აცხადებს დამოუკიდებლობას, ისრაელმა როცა ქუჩებში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აქტს. მეორე გამაოგნებელი ქმედება ის იყო, რომ ბენ გურიონმა მიიღო გადაწყვეტილება, მიუხედავად ომისა, ყველა სამთავრობო ოფისი გადაეტანა იერუსალიმში. ეს მოხდა 1949 წელს. ზუსტად ხანუქა დღეს. მიუხედავად იმისა რომ ჩვენს მთავარ მოკავშირეს აშშ-საც კი წარმოუდგენლად მიაჩნდა ასეთი ნაბიჯის გადადგმა. მესამე გამაოგნებელი ფაქტი ის იყო, რომ ისრაელმა დამოუკიდებლად, სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ს დაუხმარებლად, შეძლო ერაყის ატომური რეაქტორის განადგურება, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ქვეყნისთვის“, _ განაცხადა ხოტოველმა.

მისივე თქმით, მთელი მსოფლიო დღეს ხვდება, რომ ტერორიზმი მხოლოდ ისრაელის კი არა, გლობალური პრობლემაა, თუმცა უცნაურია, რომ საერთაშორისო საზოგადოება, ერთი მხრივ, ისრაელის ხელისუფლებისგან ითხოვს მის მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას და, მეორე მხრივ, ადანაშაულებს ძალის გადაჭარბებაში. პრემიერი ნეთანიაჰუ პირველი იყო, ვინც მოითხოვა ანტიტერორისტული კოალიციის შექმნა, მაგრამ ამ ინიციატივას მხარდაჭერა არ მოჰყოლია.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პალესტინელების დაბრუნებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ისრაელის აღსასრული, რადგან არაბები ამას ისრაელის დათმობის სანაცვლოდ ითხოვენ.

ციპი ხოტოველმა ყურადღება გაამახვილა ისრაელის წინააღმდეგ წარმოებული საერთაშორისო კამპანიის - BDS (The Boycott, Divestment, Sanctions) მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ მან ვერ გამოიღო ისრაელის მოწინააღმდეგეებისთვის სასურველი შედეგი, ვინაიდან ამ კამპანიის მიუხედავად, ისრაელმა რამდენჯერმე გაზარდა ექსპორტი.

ფორუმზე ქნესეთის ვიცე-სპიკერმა ხილიკ ბარმა ისაუბრა ისრაელის მემარცხენე ძალების სამშვიდობო პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ისინი ისრაელთან მოწინააღმდეგე ძალებს ორ კატეგორიად ყოფენ:

ერთნი, რომლებიც მხარს უჭერენ მოლაპარაკებებს, პრინციპს „ორი ხალხი - ორი სახელმწოფო“ ანუ შესაძლებლად განიხილავენ ისრაელთან ერთად მშვიდობიან თანაარსებობას (ისევე როგორც, მაგალითად ეგვიპტე და იორდანია) და მეორენი, რომლებიც ამბობენ, არა თქვენთან ერთად, არამედ თქვენს ნაცვლად, რომლებიც მიიჩნევენ რომ ახლო აღმოსავლეთში არ დამყარდება მშვიდობა, სანამ არსებობს ისრაელის სახელმწიფო. ისინი ისრაელს ახლო აღმოსავლეთის ცენტრალურ პრობლემად განიხილავენ, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები, არაბული გაზაფხული და მისი მარცხი, სირიის კრიზისი და ა.შ. ამ ვარაუდის არარელევანტურობას ადასტურებს.

ხილიკ ბარი იზიარებს მემარჯვენე პოლიტიკურ ძალთა პოზიციას ირანთან დაკავშირებით და აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნევს ამ ქვეყნისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას. ქნესეთის ვიცე-სპიკერის თქმით, მსგავს ვითარებაში იყო მსოფლიო, როდესაც არავის სჯეროდა, რომ ჩრდილოეთ კორეა შექმნიდა ბირთვულ იარაღს, თუმცა მოხდა პირიქით, სწორედ ამიტომ, მისი აზრით, შეუძლებელია მსოფლიო მხოლოდ ირანის კეთილი ნების იმედად, უმოქმედოდ იყოს და მას ატომური იარაღის განვითარების შესაძლებლობა მისცეს.

ახალშენებზე საუბრისას ხილიკ ბარმა განაცხადა: „პალესტინელების მხრიდან ახალშენებზე აპელირება უბრალოდ, დემაგოგიაა. მაგალითად, ღაზას სექტორიდან ისრაელის მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა და ახალშენებიც განადგურდა, თუმცა ამას იქ არ მოჰყოლია წინსვლა და განვითარება. ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და გალფის ყურის ნავთობით მდიდარი სხვა სახელმწიფოები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარით ეხმარებიან ღაზას სექტორს, მაგრამ რას ხმარდება აღნიშნული თანხა? არა საავადმყოფოების, სკოლების, ინფრასტრუქტული პროექტების დაფინანსებას, არამედ „არჩეული“ ხელმძღვანელობის - „ჰამასის“ მიერ მიწისქეშა ტერორისტული ქალაქის მშენებლობას.

თუმცა საბედნიეროდ, პალესტინის მოსახლეებს შორისაც არიან მშვიდობის მსურველები, ისევე როგორც პალესტინის ადმინისტრაციაში. ბევრ მათგანს პირად საუბრებში ხშირად განუცხადებია, რომ ისინი ოცნებობენ დღეზე, როდესაც ისრაელის ძალების მხარდამხარ იბძოლებენ ისლამური რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ. ასე რომ, მე მჯერა, მშვიდობა მიღწევადია!“

ხილიკ ბარმა ისაუბრა, აგრეთვე, მეზობელ ქვეყნებთან მშვიდობიან უერთიერთობაზე და დასძინა, ისრაელს რომ არ ჰქონოდა კეთილმეზობლური კავშირი ეგვიპტესა და იორდანიასთან, დღეს ის სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა. მშვიდობის ინიციატორებს არ აქვთ ილუზია, რომ მეზობელი არაბული ქვეყნები იქცევიან ისრაელის მეგობრებად, თუმცა მათ შეუძლიათ იყვნენ ისრაელის პარტნიორები და გაიზიარონ მისი გამოცდილება ტერორიზმთან საბრძოლველად და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იმავეს სწავლა შეუძლია ისრაელისაგან დასავლეთს, ევროპის ქვეყნებს, რომლებიც დღეს ტერორიზმის ისეთივე სამიზნეებად იქცნენ, როგორც ისრაელია უკვე მრავალი ათეული წლის მანძილზე.

ხილიკ ბარის აზრით, ევროპული სახელმწიფოების მხრიდან კონფლიქტის მხოლოდ ერთი მხარის, კონკრეტულად კი ისრაელის ქმედებების გამუდმებულმა დაგმობამ უარესი შედეგი გამოიღო. ევროპას თუ კი მშვიდობა სურს, შეუძლია დიდი როლი შეასრულოს ამ საქმეში, მაგალითად, გაუწიოს პროპაგანდა პარტნიორ სახლემწიფოებში, გაყიდოს ის პროდუქცია, რომელიც იწარმოება ისრაელელებისა და პალესტინელების ერთობლივ საწარმოებში, ნაცვლად იმისა, რომ აკრძალოს ებრაული პროდუქციის იმპორტი.

ღონისძიების ბოლოს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ქნესეთის ვიცე სპიკერმა ქართველი ექსპერტებისა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.

1

2

3

4

5

6

Medianews