თბილისში პირველი ქართული ოქროსმედალოსანი ქაშერი ღვინის „საფერავი ქაშერის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ღვინის რესტორანმა „ბადაგონის სახლმა“ უმასპინძლა. მას ისრაელის ახლადარჩეული პარლამენტის წევრი იციკ შმული დაესწრო. პრეზენტაციაში მონაწილეობდენ, აგრეთვე, სხვა სტუმრები ისრაელიდან და ქართული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.
ღვინო საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მხარდაჭერით, კომპანია „ბადაგონმა“ ჩამოასხა. „საფერავი ქაშერი“ წითელი მშრალი ღვინო საერთაშორისო ქაშერი ნიშნით „OK” იწარმოება, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მისი ხარისხი.
რამდენიმე დღის წინ გერმანიაში ჩატარებულ ღვინის პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე MUNDUS VINI „საფერავი ქაშერმა“ ოქროს მედალი მოიპოვა.
MUNDUS VINI მსოფლიოში წამყვანი ერთ-ერთი უმსხვილესი ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც წელს ოცდამეექვსეჯერ ჩატარდა. მასში ტრადიციულად, მსოფლიოში ღვინის მწარმოებელი რეგიონების წამყვანი კომპანიები მონაწილეობენ. წელს კონკურსში 54 ქვეყანაში წარმოებული ღვინოები იყო წარდგენილი. ღვინოები 268 ცნობილმა საერთაშორისო ექსპერტმა შეაფასა.
ერთი კვირის წინ კი ესპანეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე CWWSC – Catavinum World Wine & Spirits Competition ქართულმა ქაშერმა ღვინომ ვერცხლის მედალი მიიღო.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელის, „ისრაელის სახლის“ დამფუძნებლის იციკ მოშეს შეფასებით, საქართველოში მაღალი დონის ქაშერული ღვინის წარმოება მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც დღითიდღე იზრდება ტურისტული ნაკადი ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან. ამის გარდა, „ისრაელის სახლი“, როგორც საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის კურატორი, მიმდინარე წლის გაზაფხულზე ევროსაბჭოში, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) შეხვედრაზე, წარადგენს ქაშერი ღვინის მარშრუტის პროექტს, რომელიც მოიცავს პორტუგალიას, ესპანეთს, იტალიას, საფრანგეთსა და საქართველოს.
ქნესეთის წევრის, იციკ შმულის შეფასებით, საქართველოში ქაშერული ღვინის ჩამოსხმა ორი უძველესი კულტურის ურთიერთობის კარგი მაგალითია - საქართველო ცნობილია ღვინის წარმოების მრავალათასწლოვანი ისტორიით, ხოლო ქაშერული ღვინის წარმოება ასევე რამდენიმე ათას წელს ითვლის. „ბედნიერი ვარ, რომ ვმონაწილეობ „ისრაელის სახლის“ ღონისძიებაში. ორგანიზაციის აქტივობები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას ბოლო წლებია, ისრაელიდან არაერთი პარლამენტარი ესწრება. დღევანდელი ღონისძიება კი კიდევ ერთი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის“, - განაცხადა ისრაელელმა პარლამენტარმა.
„საფერავი ქაშერზე“ უკვე დიდი მოთხოვნაა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე.
ოქროსმედალოსანი „საფერავი ქაშერი“ მალე ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი.