Tomorrow, the delegation will hold its first meeting in the Israeli House in Tbilisi, where Itsik Moshe will introduce the guests to the activities of the Israeli House and address the delegation’s officials on the initiative of the Chamber of Business to allocate a special quota for Georgian builders.
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მოწვევით, დღეს თბილისს ისრაელიდან 22-კაციანი დელეგაცია ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან ისრაელის ქნესეთის წევრები, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიის, “ლიკუდის” ხელმძღვანელი პირები, ქნესეთის თავმჯდომარის კანცელარიის ხელმძღვანელი, ისრაელის სხვადასხვა ქალაქის მერიის წარმომადგენლები, ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები.
დელეგაცია ხვალ პირველ შეხვედრას თბილისში, ისრაელის სახლში გამართავს, სადაც საქართველო- ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, ისრაელის სახლის დამფუძნებელი იციკ მოშე სტუმრებს ისრაელის სახლის საქმიანობას გააცნობს და დელეგაციის წევრ ოფიციალურ პირებს მიმართავს ბიზნეს პალატის ინიციატივით, რომ ქართულ მხარესთან შეთანხმებით, ქართველ მშენებლებს გამოეყოთ სპეციალური კვოტა, რათა გარკვეული დროის განმავლობაში ისრაელში მოხდეს მათი ოფიციალურად დასაქმება. ვინაიდან ამჟამად სხვადასხვა შუამავლების წყალობით, ქართველ მშენებლებს ისრაელში სამუშაოდ წასვლა, თანაც არალეგალურად, სოლიდური თანხა უჯდებათ.
როგორც იციკ მოშე აღნიშნავს, თუ ისრაელი საქართველოს გამოუყოფს 500-კაციან კვოტას, ეს ქართული ოჯახებისთვის სერიოზული ფინანსური წყარო იქნება, ხოლო საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებს 500 მაღალკვალიფიციურ მშენებელს. ამ ინიციატივას იციკ მოშე გააცნობს საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ, დაგეგმილია მისი და ისრაელის დელეგაციის შეხვედრა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, სადაც საუბარი შეეხება აგრეთვე ისრაელ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
შეხვედრა გაიმართება აგრეთვე კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან. ისრაელის წარმომადგენლობითი დელეგაცია ხვალვე ეწვევა თბილისის ცენტრში ებრაული ინვესტიციით მშენებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „რიქსოსს“, როგორც ისრაელური ინვესტიციის სიმბოლოს. აღნიშნული სასტუმრო დელეგაციის წევრებისათვის იქნება იმის ნათელი დადასტურება, თუ რაოდენ კვალიფიციურად შეუძლიათ მუშაობა ქართველ მშენებლებს. სტუმრებს დაგეგმილი აქვთ თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობა. დელეგაცია საქართველოს 2 აპრილს დატოვებს
Business Time