საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა - პანდემიის პირობებში ეკონომიკის განახლებისთვის მნიშვნელოვანია პრიორიტეტების შერჩევა

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა - პანდემიის პირობებში ეკონომიკის განახლებისთვის მნიშვნელოვანია პრიორიტეტების შერჩევა
20 May 2020

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, შექმნილ ვითარებაზე მორგებული სპეციალური გეგმით მოქმედებას იწყებს. როგორც ბიზნესპალატის ხელმძღვანელი, იციკ მოშე აღნიშნავს, პანდემიის პირობებში, ეკონომიკური ცხოვრების განახლება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი პრიორიტეტების შერჩევა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატიდან აცნობეს, საქართველოს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს გააქტიურებული ზრუნვა პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვაზე და ტურიზმი. ბიზნესპალატა, საქართველო-ისრაელის ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობის 25-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ პოტენციალს ხედავს ისრაელელ ინვესტორებთან და ტუროპერატორებთან მუშაობაში. ამჟამად ორგანიზაციას მოლაპარაკებები აქვს ისრაელის რამდენიმე ბიზნესგაერთიანებასთან, რომლებიც ამ ეტაპზე საქართველოში არსებული ბიზნეს და კორონაგარემოსთან დაკავშირებულ ვითარებას ეცნობიან. იციკ მოშეს აზრით, ახლა სწორედ ტურიზმი შეიძლება გახდეს, პირდაპირ თუ ირიბად, ბიძგის მიმცემი ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით უცხოური კაპიტალისთვის, ვინაიდან საერთაშორისო მოგზაურთა მიღება ქვეყნის იმიჯზე ათმაგად დადებით გავლენას მოახდენს.

„ბიზნესი, ბუნებრივია, შესაძლოა, რისკებს შეიცავდეს, თუმცა მას სახელმწიფოს მხარდაჭერაც აუცილებლად სჭირდება. ეს თემა განსაკუთრებით სათუთია უცხოელი ინვესტორისთვის. თუ წელს შევძლებთ რამდენიმე ისრაელელი ინვესტორის წინაშე ობიექტური მიზეზის გამო არსებული პრობლემის გადაჭრას, ეს იქნება საუკეთესო მესიჯი სხვა ბიზნესისთვისაც, კაპიტალდაბანდება განახორციელოს საქართველოში“, - აცხადებს იციკ მოშე და დასძენს, რომ წელს, დეკემბერში საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, საქმიანობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ისრაელის სახლთან ერთად, გამართავს ისრაელის კვირეულს, რომელსაც ისრაელიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია დაესწრება.

უწყების ინფორმაციით, ეს იქნება მასშტაბური ღონისძიება, რომელსაც ევროპიდან და ისრაელიდან შეუერთდებიან ორგანიზაციის პარტნიორები.

„საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) და მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრი. ეს ის საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელს შეუწყობს ისრაელის ბიზნესორგანიზაციებთან ინვესტიციებზე მუშაობას. კვირეულში, სხვა საკითხებთან ერთად, შეჯამდება პანდემიის პირობებში ისრაელიდან ბიზნესის საქმიანობა საქართველოში, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა წარადგენს 2021 წლის სამოქმედო გეგმასაც. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, „ისრაელის სახლის“ მხარდაჭერით, აძლიერებს ურთიერთობას ევროპის ებრაელობის ორგანიზაციებთან, რომლებსაც მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ ევროსაბჭოსთან და ევროკავშირთან. წელს ისრაელის კვირეულის ფარგლებში, ევროპის საბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციასთან (AEPJ) თანამშრომლობით, გაიმართება ტრანსნაციონალურ პროექტ - Parallel Traces-სთან დაკავშირებული ებრაული მემკვიდრეობის გამოფენა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იციკ მოშეს თქმით, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მიერ ორგანიზებული ეკონომიკური ფორუმებს, როგორც წესი, ჰქონდა ქვეყნის ლიდერების მხარდაჭერა და ისინი დღესაც წარმატებით თანამშრომლობენ საქართველოს მთავრობასთან.

„საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის 25-წლიანმა აქტივობებმა და მისი საქმიანობის ისრაელისა და საქართველოს მთავრობების მხრიდან აღიარებამ და აქტიურმა მხარდაჭერამ, საქართველოს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მისცა, გამოიყენოს ისრაელის გამოცდილება და პოტენციალი. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მიერ ორგანიზებული ეკონომიკური ფორუმებს, როგორც წესი, ჰქონდა ქვეყნის ლიდერების მხარდაჭერა. მაგალითად, 2012 წელს თბილისში ჩვენ მიერ ორგანიზებულ ბიზნესფორუმისადმი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართვაში ვკითხულობთ: ”ისრაელ-საქართველოს ბიზნესპალატის ძვირფასო წევრებო, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს წლებში თქვენ გააგრძელებთ ამ საქმიანობის გაძლიერებას, წახალისებას და გაფართოებას ისრაელის და საქართველოსა და მათი ხალხის ურთიერთმხარდაჭერისთვის”. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა წარმატებულად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთანაც, ვაწვდით წინადადებებს, ექსპერტულ შეფასებებს, გადაიჭრა არაერთი პრობლემა, რომელიც ბიზნესს ბუნებრივად ყოველთვის თან ახლავს. გვჯერა, სწორედ ახლა, რთული გამოწვევების ფონზე, ჩვენ მიერ შეთავაზებული პრიორიტეტები და მეთოდოლოგია ისეთივე ეფექტიანი იქნება, როგორც რთულ 90-იანებსა და მომდევნო წლებში წამოწეული და ხორცშესხმული არაერთი ინიციატივა“, - აცხადებს იციკ მოშე.