The purpose of the visit is to conduct business meetings, acquaintance with the tourism potential of Georgia.
„ისრაელის სახლის“ მოწვევით, თბილისს ისრაელის ქნესეთისა და პრემიერ ნეთანიაჰუს პარტიის - ლიქუდის წევრები, აგრეთვე, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ. 25-კაციან დელეგაციას ქნესეთის მმართველი კოალიციის ლიდერი დავიდ ბიტანი ხელმძღვანელობს.
ვიზიტის მიზანია საქმიანი შეხვედრების გამართვა, საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობა.
როგორც ცნობილია, ბოლო წლებში ისრაელიდან საქართველოში ტურისტთა მნიშვნელოვანი მატებაა. ოფიციალური ცნობით, 2018 წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით, 2019 წლის პირველ ექვს თვეში ტურისტთა ნაკადი გაიზარდა 28,4 %-ით. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის, ისრაელის სახლის ხელმძღვანელის იციკ მოშეს აზრით, უახლოეს პერიოდში შესაძლებელია ისრაელიდან ტურისტთა რაოდენობამ 200 ათასს მიაღწიოს.
17 ივლისს ისრაელის დელეგაციამ სასტუმრო ბილტმორში მონაწილეობა მიიღო ჟურნალ „დიპლომატის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, თემაზე: საქართველო-ისრაელის ურთიერთობები“. შეხვედრაზე სპიკერებმა - ისრაელის ქნესეთის მმართველი კოალიციის ლიდერმა დავიდ ბიტანმა, ქნესეთის წევრმა მმართველი პარტია ლიქუდიდან“ ოსნათ ჰილა მარკ და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს იმ პოტენციალზე, რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელია. სპიკერებმა უპასუხეს დამსწრე საზოგადოების კითხვებსაც, რომელიც საქართველოსა და ისრაელის კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს შეეხებოდა.
შეხვედრაზე ქნესეთის წევრმა მმართველი პარტიიდან დავიდ ბიტანმა განაცხადა, რომ ისრაელში საქართველოს მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობაა. „მთავრობის წევრებს ყველა შეხვედრაზე ვეუბნები, რომ საქართველო მშვიდი და დაცული ქვეყანაა, ტურისტს ღამეც შეუძლია უსაფრთხოდ გადაადგილდეს“, - აღნიშნა ქნესეთის წევრმა. დავიდ ბიტანმა ღონისძიების მონაწილე ქართველ მომავალ დიპლომატებსაც მიმართა და განაცხადა, თქვენი საქმიანობა უმნიშვნელოვანესია, ხოლო თქვენი სისუფთავე პირდაპირ აისახება ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე.
იციკ მოშეს შეფასებით, მნიშვნელოვანია ისრაელის მაღალი რანგის სტუმრების საქმიანი ვიზიტი მაშინ, როცა ორი ქვეყნის ურთიერთობაში უდიდესი პოტენციალია. დღეისთვის ტურიზმი და ინვესტიციები არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულებაა ამ ურთიერთობებში. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და ისრაელის სახლის მიზანია ქვეყნები კიდევ უფრო კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, ვინაიდან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება კავშირები მყარი და წარმატებული.
ისრაელის დელეგაცია 18 ივლისს ბათუმს ეწვია, სადაც ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს შეხვდა. მხარეებმა ისრაელიდან აჭარაში ტურისტული ნაკადისა და ავიარეისების ზრდაზე, აგრეთვე, ისრაელელი ბიზნესმენების აჭარის პოტენციალით დაინტერესებაზე ისაუბრეს. შეხვედრას საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშეც ესწრებოდა.
ისრაელმა სტუმრებმა აჭარის ღირსშესანიშნაობებიც დაათვალიერეს, მოინახულეს ბათუმის 9 მარტის ქუჩაზე დანგრეული, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სინაგოგა, რომლის პირვანდელი სახით აღდგენასაც სამოქალაქო საზოგადოება ითხოვს.
დღეს ისრაელის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს „ისრაელის სახლსა“ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონიაში. შეთანხმება აღნიშნულ უნივერსიტეტში ჰოლოკოსტის ისტორიის სწავლების დაწყებას ითვალისწინებს.
ისრაელელი სტუმრები დაესწრებიან, აგრეთვე, საქართველოში საერთაშორისო ავიაკომპანიის MyWay Airlines წარმომადგენლობის გახსნის ცერემონიას. კომპანია ძირითადად, ისრაელიდან საქართველოში მომავალ ტურისტებს ემსახურება. მისი წარმომადგენლობა მალე ისრაელშიც გაიხსნება.