Jerusalem Day was celebrated in Tbilisi. თბილისში იერუსალიმის დღე საზეიმოდ აღინიშნა

Jerusalem Day was celebrated in Tbilisi. თბილისში იერუსალიმის დღე საზეიმოდ აღინიშნა
18 May 2015

The event was attended by representatives of the Ministry of Education of Georgia, Tbilisi City Hall, academic and business groups and the Jewish Diaspora.

17 მაისს, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატისა და ისრაელის სახლის ორგანიზებით, თბილისში იერუსალიმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საზეიმო საღამოს ისრაელის სახლმა უმასპინძლა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების სამინისტროს, თბილისის მერიის, აკადემიური და ბიზნეს წრეებისა და ებრაული დიასპორის წარმომადგენლები.

მათ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, ისრაელის სახლის დამფუძნებელი იციკ მოშე მიესალმა და წარუდგინა საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თაოსნობით გამოცემული ქართულ-ებრაული ბიზნეს ლექსიკონი, რომლის ავტორია ებრაისტი ლელა ბახტაძე.

იციკ მოშეს თქმით, ამ ლექსიკონის გამოცემის აუცილებლობა ქართულ-ებრაულ ბიზნეს ურთიერთობათა 25-წლიანმა გამოცდილებამ განაპირობა. ლექსიკონი დაეხმარება ორი სხვადასხვა ბიზნეს კულტურის წარმომადგენლებს _ ქართველ და ისრაელელ ბიზნესმენებს საქმიანი კავშირების ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზე წარმართვაში. იგი განკუთვნილია ფართო სპექტრისთვის და დაურიგდება ყველა კომპანიას, ვისაც აქვს საქმიანი ურთიერთობა ისრაელთან.

ღონისძიებაზე ებრაული კომპანია Doron Travel-მა ორ ქართველ შშმ ბავშვს ისრაელიდან ჩამოტანილი სპეციალური ეტლები გადასცა. კომპანიის ხელმძღვანელის, დორი გილპაზის თქმით, ისრაელის საქველმოქმედო ორგანიზაციასთან ერთად, Doron Travel-მა გადაწყვიტა არჩევანი ბავშვებზე გააკეთოს და შშმ ბავშვებს დაეხმაროს.

`სამი ეტლი ჩამოვიტანეთ. მაისის ბოლომდე კიდევ სამს ჩამოვიტანთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბავშვებმა თავი კარგად იგრძნონ~, _ განაცხადა დორი გილპაზმა.

ებრაული კომპანია `La Belle Medical~ ხელმძღვანელმა იამით მოსკოვიჩმა კი სიღნაღის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა ცენტრს მორიგი დახმარება გადასცა.

იერუსალიმის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე გაიმართა ახალგაზრდა ქართველი მომღერლის, ქრისტი ჯაფარიძის მიერ ახლად ჩაწერილი ებრაული სიმღერის პრეზენტაციაც. მანვე შეასრულა ცნობილი `ოქროს იერუსალიმი~.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო, აგრეთვე, ახალი პროექტი, რომელიც ძველ თბილისში, ებრაული ინვესტიციით ახალი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს. 12-მილიონიანი პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.

მანვე ისაუბრა საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის კიდევ ერთ ინიციატივაზე, რომელიც მაისში ისრაელში დაგეგმილ საერთაშორისო სამშვიდობო თამაშებში ქართული ახალგაზრდული კალათბურთის გუნდის მონაწილეობას შეეხება.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ბიზნესლექსიკონის ავტორმა ლელა ბახტაძემ, განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა თამარ მახარაშვილმა და ებრაული დიასპორის წარმომადგენელმა, ცნობილმა კომენტატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა.

საქართველოში მოღვაწე ებრაელმა ინვესტორმა და ბიზნესმენმა მეირ შავიტმა ისრაელის სახლსა და მის დამფუძნებელს იციკ მოშეს, ცნობილ ბიზნესმენსა და ისრაელის საპატიო მოქალაქეს გია მიქელაძეს და აგრეთვე, ღონისძიების რამდენიმე მონაწილეს კომპანია MR.Shavit-ის საჩუქრები გადასცა.

იერუსალიმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქართულმა და ისრაელის მედიამ გააშუქა.

1

2

3