On April 16, on Holocaust Remembrance Day, a memorial evening dedicated to the genocide of Jews and a presentation of a film about the Holocaust by Turkey was held at the Turkish Embassy in Tbilisi.
16 აპრილს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, თბილისში, თურქეთის საელჩოში, მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელთა მასობრივი გენოციდისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო და თურქეთის მიერ ჰოლოკოსტის თემაზე გადაღებული ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.
საღამოს ორგანიზატორები იყვნენ თურქეთის საელჩო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა და ისრაელის სახლი.
ღონისძიებას საქართველოში თურქეთის ელჩი ზეკი ლევენთ გურმუქჩუ, ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი და ისრაელის სახლის დამფუძნებელი იციკ მოშე, ებრაული დიასპორის წარმომადგენლები და თურქეთიდან სტუმრები ესწრებოდნენ.
ხსოვნის საღამო თურქეთის ელჩმა გახსნა. ზეკი ლევენთ გურმუქჩუს თქმით, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს მხოლოდ ებრაელები არ უნდა აღნიშნავდნენ. `ეს მოვლენა ყველას უნდა გვახსოვდეს, მიუხედავად ეროვნებისა და რელიგიისა და დღეს გასაქანი არ უნდა მიეცეს ანტისემიტიზმსა და ისლამოფობიას. ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ, ერთად ვებრძოლოთ ასეთ გამოვლინებას~, _ განაცხადა თურქეთის ელჩმა და გაიხსენა მე-15 საუკუნის მიწურულს ესპანეთიდან, ინკვიზიციის წლებში დევნის გამო, ებრაელთა ოსმანთა იმპერიაში გადასახლების ფაქტი.
ელჩის თქმით, ამ დღიდან ებრაელები თურქული საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ.
ზეკი ლევენთ გურმუქჩუმ ისაუბრა თურქი რეჟისორის მიერ გადაღებულ ფილმზე `თურქული პასპორტი~, რომელიც მეორე მსოფლიო ომის წლებში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ებრაელთა გენოციდსა და ევროპის ქვეყნებში თურქი დიპლომატების მიერ გადარჩენის მიზნით, ებრაელებზე თურქული პასპორტის გაცემას შეეხება. `მეამაყება, რომ ჩემმა წინამორბედებმა ასეთი ნაბიჯი გადადგეს და გადაარჩინეს სასიკვდილოდ განწირული ადამიანები~, _ განაცხადა თურქმა დიპლომატმა.
საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტმა, ისრაელის სახლის დამფუძნებელმა იციკ მოშემ.
მისი თქმით, ჰოლოკოსტი აღარასოდეს გამეორდება. 6 მილიონი ებრაელი, მათ შორის, 1 მილიონი ბავშვი ამოჟლიტეს, დახოცეს, დაწვეს, მოკლეს. მათი ერთადერთი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ დაიბადნენ ებრაელებად. ეს იყო თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი ტრაგედია, რომელიც ყველას უნდა ახსოვდეს.
`ამ ქარტეხილების, ცეცხლის, ანტისემიტიზმის მძვინვარებისა და დამცირების ქვეშ, ჩვენ ავაშენეთ მსოფლიოში წამყვანი, პროგრესული ქვეყანა და როგორც თავისუფალი ქვეყნის ამაყი შვილები, მსოფლიოს ყველა კუთხეში სანთლით ვეძებთ მათ, ვინც გადაარჩინა თუნდაც ერთი ებრაელი, რათა მადლობა გადავუხადოთ! ჩვენ ვავრცელებთ სიყვარულს, სიკეთეს, ვუზიარებთ წარმატებას და ხელს ვუწვდით ყველა იმ ადამიანს, ქვეყანას, ვისაც უნდა სიმართლის მოსმენა და მომავალი ნაყოფიერი კავშირურთიერთობები~, _ განაცხადა იციკ მოშემ და გაიხსენა თალმუდიდან სიტყვები _ ვინც გადაარჩინა ერთი სული, მან გადაარჩინა მთლიანი სამყარო.
იციკ მოშემ საქართველოში თურქეთის ელჩს _ ზეკი ლევენტ გურმუქჩუს მადლობა გადაუხადა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საღამოს ორგანიზებისთვის და დასძინა: `ისრაელ-თურქეთის ურთიერთობები ისტორიულად სინუსოიდის გრაფას ჰგავს. სინოსოიდა შეეხება პოლიტიკურ ასპექტს და არა სახალხო დიპლომატიას. ეს ფილმი არის სწორედ ამისი ნათელი დადასტურება. ებრაელ ხალხს ახსოვს გაწვდილი დახმარების ხელი. ეს მისი ისტორიული მეხსიერების ნაწილია, რომელიც მომავალი რეგიონული წარმატებული ურთიერთობის დაგეგმვის საფუძველს იძლევა. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ფარგლებში, ვაპირებთ გავააქტიუროთ თანამშრომლობა თურქულ მხარესთან საქართველოში და იმედი მაქვს, ასეთი კეთილი ნების კავშირები მომავალში პოლიტიკურ ურთიერთობებზეც დადებითად აისახება~, _ განაცხადა იციკ მოშემ.
ღონისძიებაზე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ორი მუსიკალური ნომერი შესრულდა და გაიმართა ფილმის `თურქული პასპორტი~ ჩვენება.
MEDIANEWS