The historical district of Tbilisi is a cultural capital and its usage definitely means coexistence of old and new

The historical district of Tbilisi is a cultural capital and its usage definitely means coexistence of old and new
15 March 2021

„თბილისის ისტორიული უბანი კულტურული კაპიტალია და მისი გამოყენება აუცილებლად გულისხმობს ძველისა და ახლის თანაარსებობას“ , ამის შესახებ კომერსანტს კომპანია „ემ. სი. აი პროჯექტის“ დირექტორმა და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ განუცხადა. მისი თქმით, კომპანია თბილისის ისტორიულ უბანში განაშენიანების საკითხს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება. სწორედ ამიტომ მისი განცხადებით, მირზაშაფის ქუჩაზე მდებარე, კომპანიის საკუთრებაში არსებული, მაღალი კლასის ახალაშენებული შენობის ნებართვის მიღების პროცესი თითქმის 8 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. „ემ. სი. აი პროჯექტის“ დირექტორი აცხადებს, რომ პროექტმა არაერთი შესაბამისი უწყებისა და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტის ხელში გაიარა. როგორც მოშე ამბობს, კომპანიამ გაითვალისწინა მათი ყველა შენიშვნა და 2015 წელს მშენებლობის ნებართვა მიიღო. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელის განმარტებით, აღნიშნული შენობა მთლიანად მორგებულია თბილისის ისტორიული უბნის ლანდშაფტს და აკმაყოფილებს განაშენიანების ყველა კრიტერიუმს.

„ყველა ქალაქი, მათ შორის ისტორიულიც, დინამიური სტრუქტურაა, ვითარდება. მირზაშაფის ქუჩაზე განხორციელებული პროექტი სწორი რეაგირება და გამოძახილია ქალაქის ცხოვრების ახალ რიტმზე. ეს იყო ჩვენი კომპანიის და საკითხზე უფლებამოსილი უწყებების მჭიდრო თანამშრომლობის კარგი მაგალითი“, - აცხადებს იციკ მოშე.

იციკ მოშე „კომერსანტის“ ვებ-გვერდზე რამდენიმე დღის წინ განთავსებულ სტატიასაც ეხმაურება და ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 8 მარტის უარი შეეხება სხვა საკადასტრო ტერიტორიას, კერძოდ, მირზაშაფის პარალელურ, ბააზოვის ქუჩაზე მდებარე, კომპანიის მიერ მოგვიანებით შეძენილ სამ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვას.

„კომპანიის მიერ მოთხოვნილი ეს ნებართვა არ უკავშირდება მირზაშაფის ქუჩაზე სახელმწიფოს ნებართვით უკვე აშენებულ სასტუმროს შენობას. ბააზოვის ქუჩაზე ამჟამად 20-25 წლის წინათ აშენებული 2-3-სართულიანი ბარაკული ტიპის შენობებია, რომელთაგან რამდენიმე კომპანიამ მოსახლეობისგან შეისყიდა. ბარაკების ადგილას დაგეგმილი ასევე 2-3-სართულიანი მშენებლობა რეკრეაციული ზონით, ორგანულად უნდა შეერწყას მირზაშაფის ქუჩაზე აშენებულ სასტუმროს. ბუნებრივი და გასაგებია საბჭოს წევრების პოზიცია და, ტრადიციულად, მზად ვართ გავითვალისწინოთ მათი შენიშვნები. მით უფრო, საბჭოს წევრები გვირჩევენ, რომ სამუშაოები ფრთხილად უნდა წარიმართოს. ლაპარაკია მოცულობების შემცირებაზეც. ჩვენ ახლა მთავარი არქიტექტორის მონაწილეობით სპეციალისტებთან აქტიურად ვმუშაობთ პროექტის დახვეწაზე, რადგან მსგავსად მირზაშაფის ქუჩისა, ბააზოვის ქუჩაზეც ჩვენი მშენებლობა უნდა გამოირჩეოდეს მაღალი არქიტექტურული ხარისხით. ვინაიდან ძველი უბანი ნიშნავს მრავალფეროვნებას, როგორც ყოველთვის, მზად ვართ, ამ მრავალფეროვნებაში უზრუნველვყოთ ძველისა და ახლის ჰარმონიული თანაარსებობა“, - განუცხადა „კომერსანტს“ იციკ მოშემ.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ ობიექტით თბილისს ტურისტულ ზონაში უახლოეს წლებში კიდევ ერთი პრემიუმ კლასის ობიექტი შეემატება. იციკ მოშეს განმარტებით, მსოფლიო პრაქტიკით, ქალაქის ისტორიული ნაწილი, უპირველეს ყოვლისა, გამოირჩევა ტურისტული ატრაქციებითა და მაღალი კლასის სერვისით. როგორც ის ამბობს, კომპანია „ემ. სი. აი პროჯექტის“ ეს ობიექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

იციკ მოშეს თქმით, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატაში შემავალი კომპანიები, მათ შორის კომპანია „ემ. სი. აი პროჯექტი“, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი გვიყვბეა, რომ „ემ. სი. აი პროჯექტი“ მხარში უდგას მისი კუთვნილი ტერიტორიის მეზობლად, მირზაშაფისა და ბააზოვის ქუჩებზე მცხოვრებ ოჯახებს. მოშე ამბობს, რომ კომპანიამ ხუთი ოჯახისგან გამოისყიდა ამორტიზებული ბარაკები და შესაბამისი წესების დაცვით, მეზობლად ზოგიერთ სახლსაც გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარა.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელის თქმით, ბიზნესპალატის წევრი ორგანიზაციების საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა კულტურულ-ისტორიულ ღირებულებათა შენარჩუნება და მასზე ზრუნვა. იციკ მოშეს განმარტებით, ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი დიდი ისტორიის მქონე ქვეყანასა და ქალაქში, როგორიც საქართველო და თბილისია, რომლებიც გამორჩეულია მულტიკულტურით.

„თბილისის ისტორიული უბანი ქალაქის კულტურული კაპიტალია და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მისი გამოყენება აუცილებლად გულისხმობს ძველისა და ახლის თანაარსებობას. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატამ საფრანგეთისა და ისრაელის გამოცდილების საფუძველზე შექმნა კონცეფცია, რომელიც ტრადიციული კულტურული ელემენტების შენარჩუნებით ასეთი ძველი უბნების განვითარებას ითვალისწინებს. ბიზნესპალატის წევრი კომპანიების მიერ ქალაქში შექმნილი პრემიუმ კლასის ობიექტები სპეციალისტთა სამართლიანი შეფასებით, ორგანულად ერწყმის ისტორიული ქალაქის ტრადიციას. ამიტომ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ყველა იმ ოფიციალურ უწყებასთან, რომლებიც მუშაობენ უნიკალური კულტურული გარემოს განვითარებაზე“, - აცხადებს იციკ მოშე.

Source: https://commersant.ge/ge/post/tbilisis-istoriuli-ubani-kulturuli-kapitalia-da-misi-gamoyeneba-aucileblad-gulisxmobs-dzvelisa-da-axlis-tanaarsebobas-icik-moshe